რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, 7 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. ბრძოლები ძირითადად სუჯის რაიონში მიმდინარეობს. უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის მიმართულებით შეტევა 6 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყეს. 7 აგვისტოს მათ სუმისა და კურსკის ოლქების საზღვარზე მდებარე „სუჯის“ გამშვები პუნქტი დაიკავეს და ტყვედ აიყვანეს რამდენიმე ათეული რუსი მესაზღვრე. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მათ ხელში აღმოჩნდა გამშვები პუნქტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე სუჯის გაზის გამზომი სადგური - რუსეთის მთავარი გაზსადენის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომლითაც ევროპაში, უკრაინის ტერიტორიის გავლით, გაზის მიწოდება ხდება.
„რადიო თავისუფლებასთან“ უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთ სადესანტო ჯგუფს ქართველი გიორგი ფარცვანია ხელმძღვანელობდა. ამასთან, ნადირაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ფარცვანიას საქართველოს დროშა აქვს გაშლილი. „20-ე საუკუნეში იყო ქანთარია და ეხლა, 21-ე საუკნეში, ფარცვანიაა. ქართული დროშა რუსეთის ტერიტორიაზე“, - დაწერა ნადირაძემ.
ცნობები იმის შესახებ, რომ კურსკის ოლქში უკრაინული დრონებით თავდასხმის დროს დაიღუპა რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის „სამხედრო კორესპონდენტი“ ევგენი პოდუბნი, არ დადასტურდა. პროპაგანდისტი დაჭრილია და ამ დროისთვის კურსკის საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომლებიც 7 აგვისტოს, დღის ბოლოს გამოქვეყნდა, კურსკის დაბომბვის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვია. მათგან 19-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კურსკში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია“ უწოდა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვალერი გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ „6 აგვისტოს დილის 5:30 საათზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთები, რომელთა რაოდენობა ათასამდე კაცს შეადგენს, შეტევაზე გადავიდნენ კურსკის ოლქის სუჯის რაიონის ტერიტორიის ნაწილის დაკავების მიზნით“. გერასიმოვის თქმით, კურსკის მიმართულებით ტერიტორიის სიღრმეში მათი წინსვლა შეაჩერეს. „მტრის დანაკარგებმა შეადგინა 315 ადამიანი, მათ შორის მინიმუმ 100 დაიღუპა და 215 დაიჭრა. განადგურდა 54 ჯავშანმანქანა, მათ შორის შვიდი ტანკი“, - განაცხადა გერასიმოვმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინისგან წინასწარ არ მიუღია ინფორმაცია კურსკის ოლქში რაიმე ოპერაციის შესახებ: „მაგრამ უჩვეულო არ არის, უკრაინელებმა არ შეგვატყობინონ თავიანთი ზუსტი ტაქტიკის შესახებ მის განხორციელებამდე. ეს არის ომი, რომელსაც ისინი აწარმოებენ. ჩვენ ვაძლევთ მათ აღჭურვილობას, ვაძლევთ რჩევებს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ ტაქტიკას, ყოველდღიურ დარტყმებს, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, ზოგჯერ მათ შესახებ კომუნიკაციაში ვართ, ზოგჯერ - არა“.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას აქვს კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის, დაარტყას აგრესორს მის ტერიტორიაზე.