დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის დაწვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებაა. მეუფე ზენონის თქმით, საქართველომ დასავლური ვექტორი საუკუნეების წინ აირჩია, ისტორიულად ევროპაა და გაუგებარია კითხვა „სად უნდა ვიყოთ და ვისთან?“
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მთავარეპისკოპოსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ორასწლიანმა რუსულმა ოკუოპაციამ იმდენად ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს განვითარებაზე და იმდენად დააზიანა ქართველის გენეტიკური კოდი, რომ დღეს მავანისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ევროპული მისწრაფება და ევროპული ღირებულებები - თითქოს, სადღაც უცხო გარემოსკენ მივისწრაფოდეთ და არა ჩვენს წიაღში.
ევროპული ღირებულებების ფორმირებაში საქართველოს ისტორიულად აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი. სწორედ, ამიტომ მიმაჩნია საგანგაშოდ ევროკავშირის დროშის ხელყოფა. დროშის, რომელიც საქართველოს ისტორიული განვითარებისა და მისი მენტალური ღირებულებების სიმბოლოც გახლავთ.
საქართველო ევროპის ქვეყნების ისტორიული, ძირძველი წარმომადგენელია.
ევროპული ცივილიზაცია ხმელთაშუაზღვისპირეთში ჩაისახა. მის დასაბამს წარმოადგენს ელინური კულტურა და ცივილიზაცია, რომელზეც შემდგომ აღმოცენდა ბერძნულ- რომაული ცივილიზაციის ევროპული სამყარო. რომის იმპერიაში ქრისტიანობის გავრცელების შედეგად, ევროპამ განვითარება ჰპოვა ქრისტიანულ ფასეულობებსა და ღირებულებებში.
ძველი ბერძნებისთვის კოლხეთის სახელმწიფო წარმოადგენდა ევრაზიული კონტინენტის ევროპულ ნაწილს.
გეოპოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით საქართველო წარმოადგენს სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის აუზის სახელმწიფოს.
ამას ადასტურებს გვიანი შუა საუკუნეების ევროპული რუკებიც, სადაც, საქართველო წარმოდგენილია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მდებარე სახელმწიფოდ.
ანტიკურ საქართველოში ეროვნულ შემოქმედებასთან ერთად, წამყვანი ადგილი ეკავა ელინურ-რომაულ კულტურას და სამართალს. რომის იმპერიიდან ქრისტიანული სარწმუნოების საქართველოში გავრცელების შემდეგ, ქვეყნის კულტურულ-პოლიტიკური ვექტორი, ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის პირმშო ქრისტიანული ევროპისკენ იყო მიმართული. საქართველოს თვითმყოფადი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური სისტემა ევროპის ქვეყნებთან თანამეგობრობის პათოსით იყო განმსჭვალული.
საუკუნეების განმავლობაში, ეროვნული უსაფრთხოების და თვითშეგნების გათვალისწინებით ყალიბდებოდა ქართველთა ეროვნული ფასეულობები და პოლიტიკური ინტერესები.
საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ რეგიონის ცენტრშია მოქცეული.
გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ მის წიაღში ეროვნულ კულტურასთან და შემოქმედებასთან ერთად ხელი შეუწყო უნიკალური საერთო კავკასიური ცივილიზაციის წარმოქმნას, რომელიც დასავლურ-აღმოსავლური კულტურათა შერწყმით და თანაცხოვრებით იქნა ჩამოყალიბებული.
საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს წინაშე საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი იყო დასავლურ-აღმოსავლურ ცივილიზაციაზე დამყარებული სულიერი და მატერიალური მონაპოვრით, ეროვნულ-კულტურული ტრადიციებით, სოციალური ყოფით, სამოქალაქო სამართლით. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო კავკასიის ქვეყნებისა და ხალხებისათვის მათი კულტურული და ეროვნული თვითშეგნების განმავითარებელი და გარანტორი.
მას შემდეგ, რაც საქართველო საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიდა და შესაძლებლობა მიეცა წარდგეს ფართო საერთაშორისო ასპარეზზე, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ისტორიული მეობა საშუალებას იძლევა მოქმედებდეს როგორც ევრაზიული კონტინენტის ევროპული და აზიური ნაწილების გამაერთიანებელი არტერია. ამისთვის მას ესაჭიროება ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის მყარი მხარდაჭერა და თანადგომა. მითუმეტეს იმ მოცემულობაში, რაშიც დღეს საქართველოს სახელმწიფო იმყოფება, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას. ასევე, ადგილი აქვს საეკლესიო ოკუპაციას რუსეთის ეკლესიის მხრიდან.
საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები, რომლის ქვაკუთხედს წარმოადგენს თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, ძალაუფლების დანაწილება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მოვალეობები, სოციალურ- ეკონომიკური კეთილდღეობა. პიროვნული ღირსების ხელშეუხებლობა.
ევროკავშირის დროშის ხელყოფა, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს უმაღლეს საკანონმდებლო შენობასთან წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას. საქართველოს კონსტიტუციის ხელყოფას. ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში მუდმივად თუ დროებით მცხოვრები მრავალრიცხოვანი ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ მომართული ქმედება.
ევროკავშირის დროშა ევროპის უმრავლესი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა და იგი მაცხოვრის თორმეტი მოციქულის სიმბოლოდან არის აღებული. ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ერების და ხალხების ერთ-ერთი დომინანტი სარწმუნოება კი სწორედ მართლმადიდებელი ქრისტიანობაა.
საქართველომ მისი ისტორიული და რელიგიური არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა და ეს იყო დასავლური ვექტორი. ვიმეორებ, მით უფრო იმ ფაქტის გააზრებით, რომ ქრისტიანობა ჩვენთან სწორედ დასავლეთიდან გავრცელდა. (იერუსალიმი და კაპადოკია იმ დროისათვის რომის იმპერიაში შემავალ ერთეულს წარმოადგენდა). ქვეყნის განვითარების ცალკეულ ისტორიულ ეტაპზე კი სახელმწიფო პოლიტიკური წყობის არაერთი ელემენტით მსოფლიოსთვის სამაგალითონიც კი ვიყავით და ვართ დღემდე.
ამ ფონზე საერთოდ გაუგებარია კითხვა: - სად უნდა ვიყოთ და ვისთან? ამ ფონზე უადგილოა გეოპოლიტიკურ არჩევანზე საუბარი, რადგან ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპა და ახლა რაც მოგვეთხოვება, არის ის, რომ მოვახდინოთ ჩვენი სამშობლოს მენტალური დეოკუპაცია რუსეთისგან, რაც საქართველოს ბუნებრივ წიაღში დაბრუნების საფუძველი და საქართველოს სრული - ტერიტორიული დეოკუპაციის საფუძველიც გახდება.
არანაირი „ან“ არ არსებობს. ყველაფერი ისტორიულად არის განსაზღვრული და ახლა რა ვალდებულებაც გვაქვს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არის ქართველი ხალხის ისტორიული ნების აღსრულებისთვის რუდუნება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამის განუმეორებელი შესაძლებლობა გვეძლევა“.
„ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა 14 მარტს, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს და დაწვეს. მათი განცხადებით, საქართველოში მხოლოდ საქართველოს დროშა უნდა ეკიდოს. პრორუსული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნებია, მთავრობამ პატიმრობიდან გაათავისუფლოს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მათი თანამებრძოლები, დასაჯოს ყველა, ვინც 7-8 მარტის აქციების დროს „გადატრიალებას აორგანიზებდა“ და „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. მარტინენკოს თქმით, ისინი ამ მოთხოვნებს „ბოლომდე გაიტანენ“.
„ალტ-ინფოს“ აქციამდე, 7-9 მარტს, პარლამენტის წინ, საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშებით ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ. პროტესტის შედეგად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, კანონზე უარი ეთქვა.