საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან 4:1 დამარცხდა და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. შეხვედრა გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მატჩის მე-18 წუთზე ესპანელმა მცველმა რობინ ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში შეაგდო და ანგარიშის საქართველოს სასარგებლოდ 1:0 გახდა. 39-ე წუთზე ეროვნული ნაკრების კარში როდრის გოლი გავიდა და ამით პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა. ესპანელების პირველი გოლი საკამათო იყო, თუმცა მსაჯმა ის თამაშგარედ არ მიიჩნია. მეორე ტაიმში გოლები ფაბიან რუისმა (51-ე წუთი), ნიკო უილიამსმა (75-ე წუთი) და დანი ოლმომ (83-ე წუთი) გაიტანეს.
„როდესაც გოლი გავიდა, ვიგრძენით, რომ შეგვეძლო შანსი გვქონოდა, რადგან თამაშამდეც ვგრძნობდით, რომ შანსი გვქონდა“, - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა. „პირველი ტაიმი 1:0 რომ ვყოფილიყავით, შესაძლოა მეორე ტაიმში ცოტა მეტი ენერგია გვქონოდა. შემდეგ კი ძალიან მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა [კიტეიშვილმა] ტრავმა მიიღო. 20 წამში ბევრი დავკარგეთ. მთლიანობაში, ესპანეთმა გამარჯვება დაიმსახურა, ეს საკამათო არ არის“.
ვილი სანიოლის თქმით, ბედნიერი და ამაყია იმით, რაც ნაკრებმა ბოლო დღეებში, ბოლო კვირებში გააკეთა.
„ზოგჯერ საჭიროა უკან ნაბიჯის გადადგმა და შეხედვა, რა გააკეთე. გასული წლის განმავლობაში გუნდის განვითარება ფანტასტიკური იყო. მე ძალიან ვამაყობ ამით.
ეს მოგზაურობის დასასრულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგიც ძალიან საინტერესო იქნება. არ ვამბობ, რომ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ცოტა სევდიანად ვგრძნობთ თავს, რადგან დავმარცხდით. თუმცა, რამდენიმე დღეში ზუსტად მივხვდებით, რაც გავაკეთეთ და ვფიქრობ, ბედნიერება ძალიან სწრაფად დაბრუნდება“, - აღნიშნა სანიოლმა.
„ეს ჩვენთვის საოცარი თავგადასავალი იყო. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც მივაღწიეთ. დღეს ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ წარმოვადგინეთ ჩვენი ქვეყანა ჩვენს პირველ დიდ ტურნირზე“, - განაცხადა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ.
„ევრო 2024“-ზე გამოსვლა დადებითად შეაფასა ხვიჩა კვარაცხელიამ, ეროვნული ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბის, „ნაპოლის“ შემტევმა ნახევარმცველმა.
„ალბათ, გამოცდილება დაგვაკლდა, მაგრამ ესეც მოდის და ვეცდებით, წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ დიდ ტურნირებზე, იმიტომ, რომ ვიმსახურებთ იმას, სადაც დღეს ვართ. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო. არ მეგონა, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა. ალბათ, ბევრს არ ეგონა, ჯგუფიდან რომ გავიდოდით. ასე ერთიანად და ერთმანეთის გვერდში დგომით, ჩემი აზრით, ყველაფერს მივაღწევთ“.
„ვიცით, რამხელა ტურნირზე ვითამაშეთ. აქამდე მოვედით იმ დიდი თავდადებითა და ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს. პირველ ტაიმში ვეცადეთ, ჩვენი ფეხბურთი გვეჩვენებინა, დაცვითი თამაში და შემდეგ წინ სწრაფად გადასვლა. მაგრამ ცუდი რამ მოხდა, როდესაც ჩვენი ნახევარმცველი კიტეიშვილი დაიმტვრა და ყველაფერი თითქოს შეიცვალა. ალთუნაშვილიც კარგად გამოვიდა, თუმცა ოთარი მაინც დაგვაკლდა. მეორე ტაიმშიც იმავე ფეხბურთის ჩვენებას შევეცადეთ. მათ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ.
არაფერია, ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა და გაძლიერება. მეტი არაფერი დაგვრჩენია, რადგან პატარები გვიყურებენ.
შემდეგ შეკრებას დიდი მოლოდინით დაველოდები, რათა გუნდურად და ინდივიდუალურად უფრო გაძლიერებულები დავბრუნდეთ, საქართველოს კი მეტი წარმატება მოვუტანოთ“, - განაცხადა ეროვნული ნაკრებისა და ესპანური საფეხბურთო კლუბის, „ლევანტეს“ ცენტრალურმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა.
ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმაც. როგორც მან თქვა, თითოეულმა ფეხბურთელმა თავდადებით ითამაშა.
„ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოს ეს ტურნირი ვაჩუქეთ და თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალური თავდადებით ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მერვედფინალში წავაგეთ, მაგრამ ამით ბედნიერებიც უნდა ვიყოთ, რადგან ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით, აქამდე თუ მოვიდოდით.
ეს დასასრული არაა. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით. ქართველ გულშემატკივარს, მინდა, მოვუწოდო, ირწმუნონ ჩვენი, საქართველოს ნაკრები მათ მომავალში აუცილებლად გაახარებს“, - განაცხადა მამარდაშვილმა, რომელიც ესპანური საფეხბურთო კლუბის, „ვალენსიას“ მეკარეც არის. „ევრო 2024“-ზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მან 29 ბურთი აიღო და 8 გაუშვა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა. F ჯგუფში თურქეთთან 3:1 წააგო, ჩეხეთთან ფრე 1:1 ითამაშა, ხოლო პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ოთხი ქულით მერვედფინალში გადავიდა.