ამერიკელი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ემანუელ ლახანი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „სერიოზულად ავადაა“, აქვს კრუნჩხვითი შეტევები, რასაც უცაბედი სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ქრონიკული დაავადებები სასჯელის მოხდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ემანუელ ლახანი მის მიერ გაცემულ ექსპერტულ დასკვნასთან დაკავშირებით, მოწმის სახით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 9 იანვარს დაიკითხა.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ის სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქციები, მათ შორის, თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, ასევე, კრუნჩხვები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ართულებს მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას; ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალთაშუა დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესია, ანუ ზურგის ტვინზე ზეწოლა; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავალი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს არის ყველაზე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობები იმ დიაგნოზებს შორის, რაც მას აქვს.
ციხეში მოთავსებამდე ნევროლოგიურად ის იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი, ინტელექტუალური ფუნქციები ჰქონდა სათანადო დონეზე წარმოდგენილი და შეეძლო თავისუფლად და სრულყოფილად ადამიანებთან ურთიერთობა. დაპატიმრების შემდეგ სახეზე იყო მისი შესძლებლობების მკვეთრი დაქვეითება, რაც ვნახე როგორც დოკუმენტებში, ასევე გამოვავლინე მისი გასინჯვის დროს.
მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის სწორად ნამკურნალები.
ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ - ბევრჯერ მინახავს, რომ თუ კრუნჩხვითი შეტევების მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება განვითარდეს უცაბედ სიკვდილში. გასინჯვის დროს მე ვხედავ, რომ ეს საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება.
რაც შეეხება დემენციას, შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. დემენცია იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიც არის საკუთარი თავის მოვლა, შხაპის მიღება და ა.შ.. რამდენადაც მე დავადგინე, ვნახე, ბოლო რვა თვის განმავლობაში, დემენციასთან დაკავშირებით არის მდგომარეობის ძალიან სწრაფი და მკვეთრი დამძიმება. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ეწევა სწორი მკურნალობა და სწორი მოვლა, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, ის გამოჯანმრთელდეს ამ პირობებში.
რაც შეეხება, მაგალითად, კრუნჩხვებს, მე ვერ ვნახე, რომ იქ შესაბამისი მკურნალობა და კვლევა უტარდებოდა - ისეთი, როგორიც არის კრუნჩხვის შემდეგ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ელექტრო ენცეფალოგრაფია, ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიცემა. მე რომ გამოვიკვლიე, ორი დღის განმავლობაში, ვიდრე სხვებისგან არ მივიღე ინფორმაცია, ჩემთვის არ უთქვამთ, რომ მას ჰქონდა კრუნჩხვები, რომ ის დაეცა. მე მის სხეულზე აღმოვაჩინე მრავლობითი დაზიანებები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ბატონ სააკაშვილს არ ახსოვს ეს ეპიზოდი, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის კრუნჩხვებისთვის. როგორც კი ეს ნიშნები აღმოვაჩინე, ამის შესახებ ციხის სამედიცინო დაწესებულების პერსონალს ვუთხარი, თუმცა, ამის მიუხედავად, შესაბამისი სამედიცინო მურნალობა მას არ მისცემია. ჩემთვის ეს ძალიან ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად არაადეკვატურია პენიტენციურ დაწსებულებაში სააკაშვილის მიმართ გაწეული მკურნალობა“, - განაცხადა ნევროლოგმა.
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ემანუელ ლახანს ჰკითხა, რას ნიშნავს თავის ტვინში თეთრი ნივთიერების სიმკვრივის შემცირება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 2022 წლის 17 მაისის კომპიუტერული ტომოგრაფიით დაუდგინდა.
„ეს არის ძალიან საგანგაშო მდომარეობა, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიით დგინდება თავის ტვინის მოცულობის შემცირება, ანუ ის არის უფრო პატარა, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში. ნევროლოგიური თვალსაზრისით, თუ ამ სიტუაციას აღმოაჩენ, საჭიროა ძალიან კომპლექსური გამოკვლევა იმისთვის, რომ გაირკვეს, რამ გამოიწვია ეს ცვლილებები. ეს მონაცემები - თავის ტვინის მოცულობის შემცირება, ასოცირებული არის იმ დაავადებებთან, რაც მას გააჩნია, მათ შორის, დემენცია და ეპილეფსია. თეთრი ნივთიერების შემცირება დემენციის ერთ-ერთი შედეგია“, - განაცხადა ემანუელ ლახანმა.
ამერიკელი ნევროლოგი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში თანამედროვე მეთოდები არ გამოიყენება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე არ დაეთანხმა ემანუელ ლახანს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებამდე ჯანმრთელი იყო. მისი თქმით, 2018 წელს მას ქრონიკული პროსტატი დაუდგინეს, ამავე წელს დაუსვეს ინსომნიის (უძილობა) დიაგნოზი, 2020 წელს, კოვიდის გადატანის შემდეგ - ე.წ. პოსტ-კოვიდური სინდრომი, 2021 წელს შფოთვითი დეპრესია, „რის გამოც დაპატიმრების დროსაც მოიხმარდა უამრავ ფსიქოტროპულ პრეპარატს“. ამერიკელმა ექსპერტმა უპასუხა, რომ ამ დიაგნოზების შესახებ იცოდა: „ნევროლოგიური თვალსაზირისით, შემიძლია გითხრათ, რომ ის იყო ჯანმრთელი იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა გულყრები, დემენცია და მას არ ჰქონდა პოლინევროპათია“.
„ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა და ეს ითვლება, რომ არის ჯანმრთელი, ხომ?“, - ჰკითხა ექსპერტს მალხაზ ურთმელიძემ.
„დიახ, რა თქმა უნდა, მე ასე მიმაჩნია. მილიონობით ადამიანია, რომელიც იღებს ამ ტიპის პრეპარატებს. თუ დეპრესია იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიც არის თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა, რა თქმა უნდა, არა [არ არის ჯანმრთელი], მაგრამ თუ დეპრესია ექვემდებარება კორექტირებას, მაშინ ის შეგვიძლია განვიხილოთ ჯანმრთელად. ადამიანს, რომელსაც აქვს დეპრესია, შეიძლება ძალიან ჯანმრთელიც იყოს“,- განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა, რაზეც ურთმელიძის რეპლიკა იყო - „ყოჩაღ, კარგია!“.
მალხაზ ურთმელიძის კიდევ ერთი შეკითხვა შეეხებოდა იმას, იცოდა თუ არა ნევროლოგმა, რომ სააკაშვილი დეპრესიისას, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად, ალკოჰოლსაც იღებდა. „ეს თუ იცოდა? ან თუ იცოდა, სად არის ჩანაწერი [დასკვნაში], რომ მიუხედავად ამ ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისა შფოთვითი დეპრესიის გამო, მისივე [სააკაშვილის] სიტყვებით, მაინც ვერ ხდებოდა შფოთვის მოხსნა და იგი დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს, კერძოდ, კონიაკს, ორ ბოთლამდე. კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?“,- განაცხადა ურთმელიძემ.
ამერიკელმა ექსპერტმა თქვა, რომ ალკოჰოლის მოხმარება არ ყოფილა ნორმის მიღმა და შესაბამისად, არ ჩათვალა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტად, რომ საკუთარ დასკვნაში ეხსენებინა. მას შემდეგ, რაც მალხაზ ურთმელიძემ კითხვა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ემანუელ ლახანმა თქვა, რომ „სამედიცინო თვალსაზრისით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად, არ არის ნორმალური“.
სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან მისი მოხდის გადავადების საკითხზე შემდეგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი პროტესტის ნიშნად ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.