„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სტუდია მონიტორმა და საქართველოს ამბებმა, ასევე, მათმა ხელმძღვანელებმა, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (ე.წ. ფარა) საკონსტიტიციო სასამართლოში გაასაჩივრეს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის გაუქმება, ასევე, დავის დასრულებამდე შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართულმა ოცნებამ“ 1-ელ აპრილს მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციას და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.

„ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.

აშშ-ს სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დონორისაგან დაფინანსების მიღების ფაქტი, თავისთავად, არ აქცევს მის მიმღებს დონორის მითითების ან კონტროლის ქვეშ მყოფ სუბიექტად. ასეთ შემთხვევაში სუბსიდიის მიმღებს არ მოეთხოვება დონორის აგენტად რეგისტრაცია.

საკონსტიტუციო სარჩელში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმსრულებელ სუბიექტებს (ანტიკორუფციული ბიურო, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს.

ასეთ რეალობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ სრულად აკონტროლებს ანტიკორუფციულ ბიუროს, სასამართლოსა და პროკურატურას, არსებობს რეალური საფრთხე, რომ FARA-ს ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არარსებობის მიუხედავად, გამოიყენებს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოების სხვადასხვა დაჩაგრულ ჯგუფს, ეწინააღმდეგენიან სისტემურ წამებას, ამხელენ „ქართული ოცნების“ ანტი-ევროპულ კურსს, კორუფციულ გარიგებებს, აშუქებენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ადამიანის უფლებათა დამაზიანებელ პრაქტიკებს და სხვა.

„ქართული ოცნების“ ფარას დებულებები იმდენად ბუნდოვანია, რომ ქმნის რეალურ საფრთხეს, მოხდეს მისი გამოყენება დამოუკიდებელი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების გასაჩუმებლად და დასასჯელად. ამას ადასტურებს ის ფართო ინტერპრეტაციებიც, რომლებიც ამ კანონთან მიმართებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა გააკეთა. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კანონის ამოქმედებიდან წარმოშობილი მყისიერი და გამოუსწორებელი ზიანი, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები.

არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწრაფად და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ უნდა გამოვიყენოთ სამართლებრივი ბრძოლის ყველა ფორმა, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.