„მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონი საქართველოში დასმენას დააკანონებს. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონის მეორე მოსმენით განხილვის დროს განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად, იუსტიციის სამონისტროს მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება სამინისტროსთვის წარდგენილი „წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას“.

„მგონი, პირველად არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ჩვენ ამ მუხლით ვცდილობთ დავაკანონოთ დასმენა. პირდაპირ ვამბობ ამ სიტყვას, რადგან „სათანადო ინფორმაცია“ სხვაგვარად არ იკითხება. ჩვენ ვცდილობთ გავიმეოროთ წინა საუკუნის შეცდომები, 37 წელი. ჩემდა სამწუხაროდ, ეს „სათანადო ინფორმაცია“ იქნება ძალიან პრობლემური არა მარტო ორგანიზაციებისთვის, არამედ შეიძლება გახდეს პრობლემური ფიზკური პირებისთვისაც, ვინც ექსპერტებად იქნებიან დაქირავებული ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციებში.

ამიტომ პირდაპირ ვამბობ, რომ ვისურვებდი, რომ დასმენის მუხლი საერთოდ არ ყოფილიყო, რადგანაც საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ცუდი რამ გაგვიგია, ეს ჩემს ოჯახსაც შეეხო და დღეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს გამეორდება საქართველოში, თუ ამ მუხლს არ ამოვიღებთ. აქ სხვანაირად უნდა იყოს ჩანაწერი, ან საერთოდ არ უნდა იყოს, ან უნდა იყოს მკაფიოდ გარკვეული, რომ თუ ორგანიზაციამ რაღაც ვერ გააკეთა ან გააკეთა, იუსტიციის სამინისტრომ იმოქმედოს პირველი პუნქტიდან გამომდინარე, არამც და არამც დასმენის საფუძველზე, იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს კანონმდებლობაში სიტყვას „დასმენა“ ვაკანონებთ“, - განაცხადა ჩხობაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით დილის 09:25 საათიდან განიხილავს. ამ დროისთვის დარბაზში აღარ არის დარჩენილი ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილი კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომიდან გააძევა, ნაწილმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ანრი ოხანაშვილმა განხილვიდან გააძევა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).