თბილისში, ვაკის პარკის ახალრეაბილიტირებულ შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რომლის შედეგადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, ორი არასრულწლოვანი ბიჭი კი დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა. დაკავებულია შპს „გრინსერვისი +“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძეც. თბილისის მერიის დაკვეთით, სწორედ ამ კომპანიამ განახორციელა შადრევნის რეაბილიტაცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, ფურცხვანიძეს ბრალად ედება გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
„2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ.
2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.
ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს - ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს - ლ.ფ.-ს [ლაშა ფურცხვანიძე], რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლის - ლ. ჭ.-სთვის. ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს - გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს - ბ. მ.-ს.
2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
„გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ -ის საქმეთა მწარმოებელმა - ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „გრინსერვის +“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს „მშენექსპერტთან“. შსს-ს ინფორმაციით, შპს „მშენექსპერტის“ დირექტორმა - ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა - დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს შპს „გრინსერვის +“-ის თანამშრომელს - დ. კ.-ს.
ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა - დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს „მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.
2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.
აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა - ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.
2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“, - განაცხადა კახა მურადაშვილმა.
სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ.
სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი - ლ.ფ.
სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ.
სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს, დაკავებულ იქნა „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი - დ.კ.
სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს „მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დ.თ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს.