ვალტონენი: ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს რუსეთზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარე ელინა ვალტონენმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია.

რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის, რაც მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს.

ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ“, - აღნიშნა ვალტონენმა, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, გზის გადაკეტის საბაბით, 5000 ლარით დააჯარიმა.

დღეს, 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ხელმძრვანელობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე, 19 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად გერმანიის ელჩის მიმართ სიძულვილს აღვივებს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.