„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გზის გადაკეტვის საბაბით 5000 ლარით დააჯარიმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
ვალტონენი, რომელიც საქართველოში 14-15 ოქტომბერს იმყოფებოდა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მივიდა და პროევროპული აქციის მონაწილეებს შეხვდა. მან რუსთაველის გამზირზე ვიდეოც გადაიღო, რომელშიც ამბობს, რომ მხარს უჭერს მშვიდობიან აქციას, სადაც ქართველები გამოთქვამენ შეშფოთებას მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის გამო.
„ეს ქალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ქუჩა იყო გადაკეტილი. ძალადობაზე არ არის საუბარი. ძალადობა არის შეკრების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მხოლოდ ერთი საფუძველი, მეორე საფუძველი კანონში გაწერილია – როდის შეუძლიათ შეკრების მონაწილეებს გზის გადაკეტვა: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას. გუშინ ნახეთ, რომ 50 ადამიანი იყო შეკრებილი. კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
მანამდე, ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელინა ვალტონენი „ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორების“ მხარდაჭერაში, საქართველოს კანონმდებლობის და დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
„ქარულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, თითქოს, „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო“, ირაკლი კობახიძემ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. რამდენიმე საათის შემდეგ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ შეხვედრა თავად გააუქმა გრაფიკში ცვლილების მიზეზით. ელინა ვალტონენმა კობახიძესაც უპასუხა:
„პრემიერ-მინისტრო კობახიძევ,
საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ეს ეხება ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოს. იმისთვის, რომ ხალხმა ამ უფლებით ისარგებლოს, მათ გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სადაც პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის არჩევანს გააკეთებენ.
ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975):
- [მონაწილე სახელმწიფოები] ვალდებულებას იღებენ, რომ ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდის მიერ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას.
- ისინი თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ეყრდნობა ადამიანის თანდაყოლილ ღირსებას და არსებითი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.
ამ თვალსაზრისით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე, 50 წლის შემდეგ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან, გიწვევთ, ჩამობრძანდეთ ფინეთში, შეხვდით თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს და დააკვირდით ნებისმიერ დემონსტრაციას, რომელსაც მოისურვებთ.
პ.ს. ვწუხვარ, რომ მომიწია, თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკების შეუთავსებლობის გამო“.
