ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი „ვითარების ნორმალიზებამდე“ 18:00 საათზე „მოამბეს“ აღარ წაიყვანს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00 საათზე საინფორმაციო გამოშვება „მოამბეს“ აღარ წაიყვანს. ბოლო პერიოდში ჟურნალისტი სოლიდარობას უცხადებდა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დაპატიმრებულ ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს, აკრიტიკებდა არხის სარედაქციო პოლიტიკას და გავლენეზე საუბრობდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალური პოზიცია, სადაც მისი მოხსნის მიზეზზეა საუბარი:

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე „მოამბის“ პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც „მოამბე“-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება“.

„პირველ არხს“ ამ საკითხზე განცხადება არ გამოუქვეყნებია. აღსანიშნავია, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს სხდომამდე ვრცელდებოდა.

დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა 18:00 საათიანი „მოამბის“ პროდიუსერობაზე. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე შვიდ წელზე მეტია მუშაობს და გავლენებისა და ზეწოლის შესახებ პრეტენზია არ მიუღია.

„ადამიანები დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ. 7 წელიწად-ნახევრის თავზე უცბად იმიტომ, რომ აქცია მოგვადგა კარს, ამის შემდგომ ადამიანებმა გადაწყვიტეს რაღაც პროტესტის დაფიქსირება, ოღონდ პროტესტის დაფიქსირება ჩვენთან კი არა, არამედ პირდაპირ ჩადიან ადამიანები, კიბეებთან დგებიან და მიტინგს მიმართავენ, პრესკონფერენციას მიწყობენ“, - განაცხადა ჭუჭულაშვილმა.

18:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერობაზე უარი თქვა თამარ კენკიშვილმაც, რადგან „ვასკას გულწრფელობაში უბრალოდ ეჭვი ეპარება“.

„მოამბიდან“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ჩამოშორებას წინ უძღოდა გუშინ, 3 თებერვალს მასსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება. ჟურნალისტმა მაღლაფერიძე „ცილისწამებაში“ დაადანაშაულა და უთხრა, რომ ის არ შეუგინებია.

„თქვენ, ეტყობა, რომ გამხილეთ ის არ მოგწონთ და ახლა ცილს მწამებთ. ტყუით! არ არსებობს არც ადამიანი და არც ჩანაწერი, რომელიც ამას დაადასტურებს, გარდა თქვენი სიტყვებისა, რომ „ამან მე შემაგინა“. დამიმტკიცეთ, თუარადა ბოდიში მოიხადეთ“, - მიმართა მან ვასილ მაღლაფერიძეს.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა 30 იანვარს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „პირველი არხის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი, მისი სარედაქციო პოლიტიკით, ვერ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„ვიმეორებ გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი“, - თქვა „მოამბის“ წამყვანმა.

მან არხის სარედაქციო პოლიტიკა 30 ნოემბერს, პირდაპირ ეთერშიც გააკრიტიკა და ვასილ მაღლაფერიძის გავლენების შესახებ ისაუბრა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.