ვენსი უკრაინაში ჯარის გაგზავნით და სანქციებით იმუქრება, თუ რუსეთი მშვიდობაზე უარს იტყვის

ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჯარი გაგზავნოს უკრაინაში და რუსეთს დამატებითი კონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც უკრაინის გრძელვადიანი დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 Wall Street Journal-თან ინტერვიუში ვენსმა თქვა, რომ არსებობს ზემოქმედების როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლოა აშშ-მა პუტინის წინააღმდეგ გამოიყენოს და დასძინა, რომ უკრაინაში შეერთებული სტატების შეიარაღებული ძალების გაგზავნის შესაძლებლობა ისევ განიხილება, თუ მოსკოვი უარს იტყვის კონფლიქტის გადაწყვეტაზე.

ვენსის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებს შესაძლოა მოჰყვეს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც „ბევრ ადამიანს შოკში ჩააგდებს“. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა გადახედოს თავის პოზიციას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, მაგრამ თქვა, რომ ადმინისტრაციის უშუალო პრიორიტეტია დაარწმუნოს პუტინი, რომ დიპლომატია უფრო წაადგება მას, ვიდრე ომის გაგრძელება.

ჯეი დი ვენსის თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი უკრაინის ტერიტორიულ მოწყობაზე ან უსაფრთხოების გარანტიებზე.

„არსებობს მრავალი ფორმულირება, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც სავარაუდოდ, დღეს, მიუნხენში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ვენსი არ გამორიცხავს იმასაც, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ აშშ-მა რუსეთთან ურთერთობების გადატვირთოს. მისი თქმით, დასავლეთისგან იზოლაცია რუსეთს აიძულებს ჩინეთთან ურთიერთობაში პატარა ძმის როლში იყოს, რაც „პუტინის ინტერესებში არ არის“.

ვიცე-პრეზიდენტის ამ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ უკრაინის დაბრუნება 2014 წლამდე არსებულ საზღვრებთან - ვიდრე რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა - არარეალისტური ამოცანაა და შეერთებულ შტატებს „არ სჯერა“, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება სამშვიდობო მოლაპარაკების „რეალისტური შედეგია“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.