„ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას, აგრესორი ქვეყანა ვართ? აგრესორების ომში იბრძოდა? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან, ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ?“, - ასე გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული სამხედროს, „შინდისის გმირის“ ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რადგან „მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა, რუსებს? ოსებს? თუ ვის, მითხარით ხელისუფლებავ!
ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო…
ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა, აგვიხსენით!“ – წერს თეო წილოსანი სოციალურ ქსელში.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მტერს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ქართველმა ჯარისკაცებმა მათ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და დიდი დანაკარგიც მიაყენეს. შინდისის ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე, შმაგი კუპატაძე.
ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძეც.
„ბოდიში გიორგი. 2008 წლის 9 აგვისტო… „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე“, დაწერა ეროვნული გმირის ცოლმა და გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველი ფოტო გააზიარა.
23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21 ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონში იბრძოდა. ვიდეოდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებენ. ისინი რიგრიგობით, გიორგის ზურგზე ახტებიან და აიძულებენ მიწას აკოცოს.
საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერის ამ განცხადებას კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა. მან ივანიშვილის ციტატა სოციალურ ქსელებში გააზიარა და დაწერა:
„საქართველო წარმოუდგენლად ადეკვატურად იქცევა. თითქოს, გამოვიდა მრავალწლიანი ალკოჰოლიზმიდან („ზაპოი“) ან ფსიქოზიდან. მოკლედ, მხურვალედ მივესალმებით!“