„ვივამედი“ ითხოვს კლინიკაში სააკაშვილის დაყოვნების მიზანშეწონილობის შეფასებას

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორი სამედიცინო კლინიკა „ვივამედი“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენს მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით, პაციენტი დაგვერწმუნებინა, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად ხერხდებოდა და სახეზე იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება მის მონაცემებზე.

შესაბამისად, ბოლო თვის მანძილზე პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე. შედეგად, სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, - ნათქვამია „ვივამედის“ ადმინისტრაციის 22 მარტის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მიიჩნევს, რომ „ვივამედი“ ამ განცხადებას დამოუკიდებლად არ გაავრცელებდა.

„ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა, მაგრამ პენიტენციური სისტემაც არ არის დამოუკიდებელი - ისინი აკეთებენ იმას, რასაც ივანიშვილი უბრძანებს.

უპირებენ, რომ ციხეში დააბრუნონ. დარწმუნებული ვარ, იქ არავითარ უცხოელ ექიმებს არ შეუშვებენ“, - ამბობს ალასანია.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ინფორმაციით, პოლონელი ექიმებით დაკომპლექტებული მისია მზად არის საქართველოში ჩამოვიდეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მოამზადოს. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 20 მარტს განაცხადა, რომ სამინისტროს არც სააკაშვილისგან და არც მისი ოჯახისგან არ მიუღია რაიმე განცხადება, რომლითაც მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვდნენ.

მანამდე, პოლონურ მედიასთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ პოლონელი ექიმების მისია მისი უკანასკნელი შანსია და თუ გადარჩა, პოლონეთის დამსახურება იქნება.

სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება. კლინიკაში ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა ექიმებმა 2023 წლის თებერვლის ბოლოს განაცხადეს, რომ კლინიკა „ვივამედში“ მათი ბოლო ვიზიტის შემდეგ, 4 დეკემბრიდან 19 თებერვლამდე პერიოდში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. მათი შეფასებით, კიდევ 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. ექიმების თქმით, ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეშია მოსალოდნელი.

23 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა პრესკონფერენცია გამართეს და თქვეს, რომ 20 თებერვლის მდგომარეობით, ყოფილი პრეზიდენტი 67.2 კილოგრამს იწონიდა და „ტენდენცია დამძიმებისკენ“ იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).