ვლანძღავთ მეგობარ ქვეყნებს, ოკუპანტს კი ვუფრთხილდებით - პრეზიდენტის სიტყვა 26 მაისს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე გამოსვლის დროს რუსეთისადმი ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დღეს ქართული საზოგადოება შეურაცხყოფილია. პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება მოქალაქეების ღირსებაზე არ ფიქრობს და ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ზეიმიც გვაქვს და ულამაზესი სანახაობა. ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს. დარწმუნებული იყოს, რომ ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, ის მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს, აძლიერებს ქვეყანას, აშენებს ხვალინდელი დღისთვის თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.

მაგრამ დღეს ამ საზოგადოებას გაუგებრობისა და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს.

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ევალება, არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე, ვინ შემოდის და გადის ქვეყნიდან.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობასა და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს.

არ შეიძლება ოკუპაციის შესახებ კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ასევე, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობითა და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი. ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულით არის დამტკიცებული - ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 ათასამდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებლობა სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს.

„სახელმწიფოებრიობა ისაა, რომ ქვეყნა წესებითა და კანონებით იმართება. ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამიტომ გაუგებარია, რატომ არ არის მიღებული არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები რუსეთიდან მასიურად შემოსულებისა და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა.

ასევე გაუგებარიო გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა, სად გაქრა სიტყვები, „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“.

ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგეხმარნენ სახელწმიფოს მშენებლობასა და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ, მათ ვინც, ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებაში ომის შიშის გაღვივება და ამით მანიპულირება წარმატებული მართვის ფორმულა ვერ გახდება.

სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას და ამ საკითხისადმი მთავრობის დამოკიდებულებას. მან ბოდიში მოუხადა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან მე-7 წლისთავზე, მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი შესრულდა.

„გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როდესაც დღეს ვითვლით თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ, ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! და ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა.

გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიის მქონე ერმა შეუძლებელია დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული.

„რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო?! ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?

კარგად ვხედავთ, დღეს ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეო-პოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს 26 მაისია და ჩვენ უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს და თავის ევროპულ არჩევანს:

„დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია. ქართველ ხალხს, ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა. დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა და მეტიც - კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას, ხელისუფლება სადაა?

ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა. ხელისუფლებამ ამ დარჩენილ დროში უნდა იფიქროს, იმაზე თუ რისი შესრულება შეუძლია, არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

დღეს საზოგადოებისთვის სასოწარკვეთილების და უიმედობის დრო ნამდვილად არაა. ქართული საზოგადოება ეროვნული ინტერესების და ღირსების დასაცავად უკან არასოდეს იხევდა და ეს უახლოესმა ისტორიამაც გვაჩვენა. ახლა მთავარია, ყველამ ერთად დავინახოთ და გავიაზროთ ეს გარდაუვალი ცვლილებები, ვირწმუნოთ საკუთარი თავის და არავის მივცეთ უფლება ჩვენი გზიდან გადაყვანის.

31 მაისს, სწორედ ამ ევროპული მომავლისთვის ჩავალ ბრიუსელში. თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა დავიცვა ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა გაიგებს ქართველი ხალხის ხმას, იმ ხალხის ხმას, რომელიც ერთგულია 26 მაისის სულისკვეთების და რომელიც განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად ერთიანდება, ერთი იდეის ირგვლივ - ჩვენი დამოუკიდებლობის და იმის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე ევროპაა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ 26 მაისს! გაუმარჯოს საქართველოს!“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).