„დღეს რომ პირველად ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეს - არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა, საერთოდ - ვინც დადებითად ჩათვლის, რომ ეს მოვლენა კარგია. ცოტა უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეთ, თუ არ აქვთ“, - ასე გამოეხმაურა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლების შემდეგ, მოსკოვიდან პირველი რეისის შესრულებას. დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი შესრულდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
შვილის საფლავზე მყოფმა ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ წლების განმავლობაში იმედით ცოცხლობს, თუმცა სამართალი ჯერ ვერ იპოვა:
„დღეს კიდევ ჩემი შვილის საკითხი რომ წამოვწიო წინ, მერიდება, ჩემი ქართველი ხალხის მერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ სამართალს ვერ ვხედავ.
რატომღაც მგონია, რომ ახლა უფრო გაჭირდება სამართლის ნახვა და მიღწევა. მე დღეს ჩემს შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, ვინც თავისი სამშობლოსთვის იბრძოლა, გმირები გახდნენ პირტიტველა ბიჭები. ამ დროს, ცოტა გასაკვირია, მე მეგონი, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდეთ.
ჩემი შვილიც ამ ქვეყნის შვილი იყო, ნამდვილად უყვარდა თავისი სამშობლო. თავის სიტყვებს, რომ ჩემს მიწაზე დგახართ და ამდენს როგორ უბედავთ ჩემს ქართველ ადამიანს, როგორ ბედავთ, რომ ქართველის პირადობის მოწმობას ფეხი დააბიჯეთო - აი, ამას ემსხვერპლა ჩემი შვილი“.
გიგა ოთხოზორიას საფლავზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანიც მივიდა და მოკლულის ოჯახის წევრებს მთავრობის სახელით თანადგომა აღუთქვა. ახვლედიანის თქმით, ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და გააგრძელებს ძალისხმევას, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე ყველა პირმა კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.
30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან - ე.წ. მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით გიგა ოთხოზორიამ დატოვა გამშვები პუნქტის ტერიტორია და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას დაედევნენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენჯერმე ესროლა. 2017 წლის 7 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაშიდ კანჯი-ოღლზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა, თუმცა ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე 2019 წლის 8 ივლისიდან მოქმედი აკრძალვა მოეხსნათ. გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ეს „ძალიან დადებითი, მისასალმებელი“ გადაწყვეტილებაა.
ამ დროისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსეთ-საქართველოს შორის რეისების შესრულებაზე ნებართვა მისცა რუსულ ავიაკომპანიებს „აზიმუტსა“ (Azimuth Airlines) და Red Wings-ს. „აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე კვირაში შვიდჯერ იფრენს, ხოლო Red Wings-ი, კვირაში სამჯერ, სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის რეისებს შეასრულებს. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტზე ფრენის ნებართვა მოითხოვა და მიიღო ქართულმა კომპანიამ, „ჯორჯიან ეარვეისმა“.