ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველოში ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ და ნარატივი, რომ აშშ ე.წ. „გლობალური ომის პარტიაა“, რომელიც ქვეყანაში რევოლუციის წახალისებას ცდილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ელჩი სიტყვით გამოვიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ხორციელდება პროექტი „საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგიისა და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით“.
„საქართველოში დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი. დეზინფორმაციის ერთი ძაფი არის ის, რომ ეს ნიშნავს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას, რაც სრული სიცრუეა. სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.
ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“ და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები.
ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა, რადგან ამ ქვეყანაში ჩვენი ისტორია 32 წელზე მეტია არის ხალხებს შორის ძლიერი კავშირების ისტორია, ამერიკელებსა და ქართველებს შორის ღრმა ურთიერთობების, სამედიცინო, განათლების სფეროებში პარტნიორობის ისტორია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაზიარების ისტორია, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორია. 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ. გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა გავიმეორო აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, 29 აპრილს, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „გლობალური ომის პარტია“ ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და მისთვის „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“. „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
„გლობალურ ომის პარტიაზე“ ხშირად საუბრობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. 22 მაისს, კობახიძემ უპასუხა „რადიო თავისუფლების“ სტატიაზე დასმულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია მმართველი გუნდის შესახებ, რომლის გამჟღავნება გამოიწვევს კატასტროფულ შედეგს მმართველი გუნდის იმიჯთან დაკავშირებით. „ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად. რაც შეეხება ინფორმაციას გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, როდის და როგორ იყო ჩართული გლობალური ომის პარტია საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია და იმ ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა ეშინოდეს გლობალურ ომის პარტიას. რა ხდებოდა სხვადასხვა პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, თუნდაც 14-წლიანი ინტერვალით. ამიტომ ვერავის დააშანტაჟებენ“, - თქვა კობახიძემ.