ზელენსკის თქმით, ტრამპი რუსეთის მიერ შექმნილ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, თითქოს, უკრაინაში მისდამი მხარდაჭერა 4%-მდეა შემცირებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ გვინახავს ეს დეზინფორმაცია და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის. ჩვენ ეს გვესმის და გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს ციფრები განიხილება ამერიკასა და რუსეთს შორის. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი - მე მის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს, როგორც ამერიკელი ხალხის, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რომელიც მუდამ გვეხმარება, ლიდერისადმი - ცხოვრობს ამ დეზინფორმაციულ სივრცეში.

საქმე ხომ არაა იმაში, როგორი მხარდაჭერა მაქვს მე?! საქმე იმაშია, თუ რა არის მნიშვნელოვანი. იმ რეიტინგებში, რომლებსაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, დღეს პირველ ადგილზეა, როგორ დავიცვათ თავი. მგონია, რომ ეს არის უპირველესი საკითხი და ვიცი, რომ ყველა სოციალური გამოკითხვით, ეს არის პირველი რიგის საკითხი უკრაინელებისთვის. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია ტყვედ აყვანილების დაბრუნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რატომღაც ეს საკითხები არ დაუყენებიათ გუშინ, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრაზე.

„ის, რომ ისინი საუდის არაბეთში ორმხრივ საკითხებს განიხილავენ, მათი უფლებაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ სჯერა, აშშ პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში ეხმარება.

უკრაინის პრეზიდენტმა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 4-9 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოიხმო, რომლის მიხედვითაც უკრაინელების 57% მას ენდობა, 37% კი არა.

„ასე რომ, თუ ვინმეს უნდა ჩემი ახლავე შეცვლა, ეს ახლავე არანაირად არ გამოვა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

18 თებერვალს, ერ-რიადში, უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთისა და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართა.

შეხვედრაზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი წარმოადგენდნენ, ხოლო ამერიკულ მხარეს - სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი.

მხარეთა განცხადებების მიხედვით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი შედეგი დიპლომატიური მისიების სრულფასოვანი მუშაობის განახლების შესახებ შეთანხმება იყო.

„გავიგე, რომ ისინი [უკრაინელები] განაწყენებულები არიან იმით, რომ [მოლაპარაკებების მაგიდასთან] ადგილი არ აქვთ, მაგრამ მათ ჰქონდათ ადგილი სამი წლის განმავლობაში და მანამდე დიდი ხნით ადრე. ამის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლებოდა. მგონია, რომ მე მაქვს ამ ომის დასრულების ძალა და ვფიქრობ, რომ საქმე კარგად მიდის, მაგრამ დღეს მესმის, ჩვენ მოწვეულები არ ვყოფილვართო. სად იყავით სამი წელი? ეს სამ წელში უნდა დაგემთავრებინათ [ომი]. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, სადაც რეპორტიორების შეკითხვებს უპასუხა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში დიდი ხანია არჩევნები არ ყოფილა და ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 4%-მდე დაცემული, თუმცა გაურკვეველია, რომელ წყაროს ეყრდნობა მისი ეს განცხადება.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად 2019 წელს, ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. მორიგი არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მიმდინარე ომის და რუსეთის მიერ უკრაინული მიწების ოკუპაციის გამო გაუქმდა. ამის გამო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზელენსკი არალეგიტიმურ პრეზიდენტად არაერთხელ გამოაცხადა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.