ჟურნალისტების ნაწილს პარლამენტში არ უშვებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტის შესასვლელში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დგანან და შენობაში უკანონოდ არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპროტესტებენ. ამ ფონზე დაიწყო ბიუროს სხდომა და ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირება იგეგმება.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბიუროს სხდომის დაწყებამდე მოაბილიზა ძალიან დიდი რაოდენობით პოლიცია. გვაქვს შიგნით შესვლის უფლება, მაგრამ არ გვიშვებენ პარლამენტში ერთადერთი მიზეზით, ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, რისთვისაც იღებენ რუსულ კანონს, რომ გააქრონ და მოსპონ ეს სიტყვა ამ ქვეყანაში. შიგნით შეგვიშვებენ თუ არ შეგვიშვებენ, ამ ხმას მაინც გავაგონებთ და არ მივცემთ ამ კანონის მიღების შესაძლებლობას“, - განაცხადა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა.

ჟურნალისტები პარლამენტში შესვლას ნახევარ საათზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ. მათ ნაწილს აკრედიტაცია აქვს, ზოგს კი დეპუტატების მიერ დაშვებული საშვები.

„უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელსაც აცხადებენ ხოლმე შარშანდელს შემდეგ ასეთ ვითარებაში, ეგეც კი არ აქვთ გამოცხადებული. ფორმალური მიზეზიც კი არ უთქვამთ, რატომ არ გვიშვებენ. დაშვებულია საშვები, სამართლებრივად შესვლის უფლება გვაქვს, მაგრამ არ გვიშვებენ. ალბათ ჟურნალისტების კრიტიკის, ჟურნალისტების თავისუფალი სიტყვის ეშინიათ. ეშინიათ იმის, რისთვისაც ამ რუსულ კანონს იღებენ. სხვა ახსნა ამ ყველაფერს აღარ აქვს“, - აღნიშნა „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა, თაზო კუპრეიშვილმა.

პარლამენტთან მისვლამდე, დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას არ მისცემენ.

„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ.

აშშ, ნატო და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ ხელისუფლებას შეახსენა ევროკომისიის 1-ელი და მე-9 რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).