ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 1-ელ და მე-9 რეკომენდაციებზე მიუთითებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განმეორებით წარდგენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირს ახსოვს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ გასულ წელს საჯარო დაპირება მსგავსი კანონმდებლობის „უპირობოდ გაუქმების“ შესახებ“, -  განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ევროკავშირი წუხლის გამოთქვამს, რომ 2023 წლის მარტში ძლიერი საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო რეაქციების მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს ასევე უმნიშვნელოვანესია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.

ევროკავშირს ახსოვს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით მიანიჭა, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში.

მე-9 ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება, ხოლო 1-ელი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.

გამჭვირვალობის ცნება არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობით“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

მმართველი პარტია აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ. „არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან პრინციპული საკითხია“, - თქვა მდინარაძემ. დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ და ეს საკითხი დახურული იყო. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მხარს უჭერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.