ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ზოგიერთი რეფორმის განხორციელების პირობით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„კომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშნელოვან ნაბიჯებს რეფორმების განხორციელების კუთხით. ეს ნამდვილად საზეიმო დღეა საქართველოსთვის. ხშირად, როდესაც ვანიჭებთ, ან გავცემთ რეკომენდაციას სტატუსის მინიჭებაზე, ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ არის რამდენიმე ნაბიჯი გადასადგმელი. ეს დეტალურად გაწერილია რეკომენდაციებში. ნამდვილად უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსთვის და ხაზს უსვამს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შთამბეჭდავ და ძალიან ცხად პოზიციას, გაერთიანდნენ ევროკავშირში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის შესახებ 14-15 დეკემბერს სამიტზე უნდა მიიღონ.
„გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ, მედიას, მაგრამ,
უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას.
ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება“,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი.
„მიხარია, ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, მე გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
ევროკომისიამ საქართველოს 9 პირობა განუსაზღვრა შესასრულებლად, რის შემდეგაც ქვეყანა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა. პირობების ჩამონათვალი ასეთია:
- ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან ბრძოლა;
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან;
- პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა - მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო მეტად ინკლუზიურად მუშაობითმ, განსაკუთრებით ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
- თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა განსაკუთრებით 2024 წელს; ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად შესრულება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის, ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
- საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების - საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
- სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
- ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
- დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
- ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანეს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა. საქართველოს განაცხადზე კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში, პრიორიტეტებს შორის დასახელებული იყო პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვაზე უკვე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების შესახებ რეკომენდაცია გასცა.