საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წლისთავზე და პროტესტის 124-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
ვრცელი გამოსვლის დროს ზურაბიშვილმა 31 მარტის მნიშვნელობასა და ქვეყანაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან გაიმეორა, რომ სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი არ ჩამოაყალიბებს ლეგიტიმურ მთავრობას და შემდეგ არ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ის რჩება ფიცის ერთგული – ემსახუროს ქვეყანას, დაიცვას კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება და ინტერესი.
„თქვენ, ვინც ასე ამაყად და ურყევად დგახართ, არ ჰყიდით, არ თმობთ და არაფერში ცვლით სამშობლოს. თქვენ გიპირისპირდებათ ერთი კაცის და უცხო ძალების მსახურობაში მყოფი პატარა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულისა და ვიწრო ინტერესების დაცვას ემსახურება.
ბევრი მათგანი არამხოლოდ ვერ აღიარებს რომ რუსეთის საქმეს აკეთებს, არამედ ვერც ბედავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და იმალება ყოვლისმომცველი რუსულ პროპაგანდის ლოზუნგის უკან – „აბა ომი ხომ არ გინდათ?“.
დღეს ეს რეჟიმი სამ ძირითად საყრდენზე დგას:
- ოლიგარქის გარემოცვის ფინანსურ ინტერესებზე. ისინი კვებავენ რეჟიმს;
- რუსულ პროპაგანდასა და პროპაგანდისტებზე, რომლებიც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და დამორჩილებას;
- რუსულ ძალადობრივ სისტემაზე.
მთავარ კითხვაზე, თუ რამდენ ხანს გაძლებს და როგორ დავამარცხოთ ეს რუსული რეჟიმი, ავტორიტარიზმი, როგორ დავაბრუნოთ ქვეყანა ჩვენს მიერ არჩეულ გზაზე, პასუხი სწორედ ამ საყრდენების დასუსტებასა და ჩამოშლაშია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ „ეს არის არაძალადობრივი ბრძოლის რთული, ალბათ, გრძელი, მაგრამ საბოლოოდ წარმატებული გზა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს“.
მეხუთე პრეზიდენტის თქმით, მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ ბრძოლას ქუჩის პროტესტთან ერთად და მასთან შეჯერებით, მიეცეს პოლიტიკური ფორმატიც.
„ამიტომ შევთავაზე და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით – „წინააღმდეგობის პლატფორმა“.
ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი:
- დაინიშნოს ახალი და თავისუფალი არჩევნები
- გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები
ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ანუ უფრო ეფექტურად, ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს და მის ქმედებებს. წინააღმდეგობა გაუწიოს და წინ აღუდგეს რეჟიმის მცდელობას გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი.
პლატფორმა მოამზადებს შეთანხმებულ პოლიტიკურ პოზიციებს გასატანად ქვეყნის შიგნით და გარეთ: კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია მიღწეული იყოს. წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ დასაწესებელ პირობებზე და ხმების ერთიანად და ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე.
მზადყოფნა არჩევნებისთვის – მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება ის – ჩვენი მოვალეობაა. მმართველმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგი სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობაც ამით შეინარჩუნოს.
ჩვენი პასუხისმგებლობაა დროულად მოვემზადოთ და საზოგადოებასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად დაუყოვნებლივ შევუდგეთ, დამკვირვებლების მასობრივ გადამზადებას, რათა ერთიანად და ეფექტურად დავიცვათ წინააღმდეგობის ხმები.
პარტიული საქმიანობა ამ შემთხვევაში უნდა ექვემდებარებოდეს საერთო ინტერესებსა და წინააღმდეგობის გამარჯვების მიზანს! საერთაშორისო ასპარეზზეც აუცილებელია მეტი კოორდინაცია, ამიტომ ვგეგმავთ ერთიანი კალენდრის შექმნას, კოორდინირებულ ვიზიტებსა თუ გზავნილებს, თუნდაც ერთიან სტრატეგიას, რომელიც პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას და მათთვის დიპლომატიური ნაბიჯების შეთავაზებას მოიცავს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პარტიები, რომლებიც თანხმდებიან წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილეობაზე, აღიარებენ „ქართულ ქარტიას“, როგორც ერთობლივ პრინციპებს და მხარს უჭერენ მას, როგორც სამომავლო პროგრამას, რომლის მეშვეობით საქართველო დროულად დაბრუნდება დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე.
„ახალი ეტაპი იწყება! ნუ შეგეშინდებათ, რომ თითქოს ხანდახან ბევრი ადამიანი არ დგას რუსთაველზე“, - მიმართა სალოემ ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს.
მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, „გამოსული ადამიანების რაოდენობით არ იზომება პროტესტის ძალა“, არამედ ოთხი თვის შემდეგ, მხნედ დგომაა ზუსტი საზომი.
„ერთი ქალის ხმა – „ცეცხლი ოლიგარქიას!“ – არის ზუსტი საზომი! ერთი დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა – ნამდვილი საზომია!
გურიაში სტიქიის წინააღმდეგ ერთიანობაში, ერთმანეთის დახმარება ჯარიმების გადახდაში, სასამართლოსთან ერთად დგომაში – ესაა ერთობა, და ესაა ძალა, რომელსაც რეჟიმი აღმართული კედელივით ეჯახება. დღეს ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ უსამართლობის წინააღმდეგ. სწორედ სოლიდარობას და ერთობას, როგორც ინდივიდუალურ ღირსებას და გამძლეობას გამოჰყავს წყობიდან მმართველი პარტია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
