ზურაბიშვილის მსგავს ადამიანებს საზეიმო ღონისძიებაზე არაფერი ესაქმებათ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მის მსგავსს ადამიანებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებათ“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი.

რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მითუმეტეს, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია. ეს არის იმ ხალხის საზეიმო ღონისძიება, რომელიც აკეთებდა ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და არ ახორციელებდა საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

ჩვენ დავამტკიცეთ 12 პრიორიტეტის შესრულებით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც არის გასაკეთებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესრულდება ის 9 პრიორიტეტიც, რომელიც მოცულობით არის 10-ჯერ ნაკლები 12 პრიორიტეტთან შედარებით. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ არა მარტო გვსურს, არამედ შეგვიძლია საქმის კეთება ევროინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა 9 პრიორიტეტის შესასრულებლადაც. ეს მათი (ოპოზიციის) საქმეა, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი, მათი (ოპოზიციის) საქმეა, ჩაერთვებიან კარგია, არ ჩაერთვებიან მათი საქმეა“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი გამომსვლელთა სიაში გათვალისწინებული არ არის და არ იცის „ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს“.

„პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ახლა ის ადამიანი, რომელსაც ამას საკუთარ სამშობლოზე ამბობდა, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება.

ამბავში უნდა უბრალოდ რომ აერიოს. ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს. მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. იმპიჩმენტი ჩვენ მას შემთხვევით არ გამოვუცხადეთ“ - აღნიშნა მდინარაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ თქვა, რომ აპირებს შეუერთდეს ღონისძიებას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დღეს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება საქართველოს ზეიმი და „ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ“. „მე მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წლისთვის გეგმავდა. ვადამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების გამო გადმოიწია, რადგან უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა. უკრაინას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა წევრმა - საქართველომ და მოლდოვამ მიბაძეს. იმავე წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12-პუნქტიანი გეგმა მიიღო. ხელისუფლებამ 12-დან მხოლოდ 9 პირობა შეასრულა. 2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით მინიჭებოდა.

ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან ბრძოლას; საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაუმჯობესებას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან; პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლას - მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო მეტად ინკლუზიურად მუშაობით, განსაკუთრებით ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას განსაკუთრებით 2024 წელს; საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების - საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას; სასამართლო რეფორმის დასრულებას და განხორციელებას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით; ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას; დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყებას და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.

14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, უკრაინასა და მოლდოვასთან კი ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

საქართველოს პროგრესს ევროპული საბჭო მომავალ წელს შეაფასებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).