დასანქცირებულმა მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ზვიად ქორიძეზე თავდასხმაში მონაწილე გოჩა სამხარაძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) შესაბამისად და მას მხოლოდ 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლე მეტრეველის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ აფარებს რეჟიმი ხელს საკუთარ მოძალადე მხარდამჭერებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ცნობილი ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ზვიად ქორიძეს 14-15 იანვრის ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იმ დღეს ზვიად ქორიძე ბათუმში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა და პოლიტიკური პატიმრის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესს აკვირდებოდა.
ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელებს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ხელმძღვანელობდა. თავდასხმაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და იმჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გოჩა სამხარაძე და და რამდენიმე სხვა პირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, გოჩა სამხარაძე, სავარაუდოდ, დიმიტრი სამხარაძის ნათესავია.
„მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა და სასტუმროს სათვალთვალო კამერებმაც სრულად დააფიქსირა ეს ფაქტი, აჭარის პროკურატურას თვეების განმავლობაში არავინ მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 11 აპრილს ჩვენმა ორგანიზაციამ ამ საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა და საკითხი საჯაროდ გამწვავდა, პროკურატურამ გარკვეულ მოქმედებას მიმართა. 17 აპრილს, პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ბრალი წაუყენა მხოლოდ ერთ პირს - გოჩა სამხარაძეს, რომელმაც ხელი დაარტყა ქორიძეს. დიმიტრი სამხარაძეს, გიორგი მანველიძესა და ჯგუფის სხვა წევრებს ბრალდება არ წარდგენიათ“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროკურორის დადგენილებაში ზვიად ქორიძის მიმართ განხორციელებული ძალადობა ძალიან მოკლედ და დამახინჯებული სახით იყო აღწერილი. კერძოდ, არაფერი იყო ნათქვამი:
- თუ როგორ უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ქორიძეს დიმიტრი სამხარაძე;
- თუ როგორ გამეტებით ურტყამდა იგი ფეხს სავარძელს, რომელზეც ზვიად ქორიძე იჯდა;
- თუ როგორ წააქეზა მან თავისი ამ მოქმედებით თავისი თანმხლები პირები;
- თუ როგორ ისროლეს ქორიძის მიმართულებით მიწით სავსე ყვავილების ქოთანი;
- როგორ უყვიროდა გიორგი მანველიძე ქორიძეს, თუ როგორ გაბედა მან ბათუმში ჩასვლა, თითქოს ბათუმი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კერძო საკუთრება ყოფილიყო.
ორგანიზაცია პროკურატურას მიკერძოებულობას და უმოქმედობას ედავება, ხოლო სასამართლოს სინამდვილის დამახინჯებას და ლმობიერებას მოძალადის მიმართ.
„ჯგუფური ძალადობის მიუხედავად, ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთ პირს, დანარჩენი თავდამსხმელები დაუსჯელები დარჩნენ. პროკურატურამ განზრახ დამალა დანაშაულის სრული სურათი და სხვა მონაწილე პირების როლები ამ დანაშაულში“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს საქმე სიმბოლურია იმით, რომ ბათუმური ინციდენტი, რომელიც ზვიად ქორიძეს შეემთხვა, მჭიდროდ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის პროცესთან.
„მაშინ, როდესაც პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნისთვის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მინიმუმ 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ქორიძის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს შორის მხოლოდ ერთი დაისაჯა და ისიც შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელით.
დიქტატორული რეჟიმი არა მხოლოდ ამძიმებს წნეხს მათზე, ვინც ეწინააღმდეგება უთანასწორობასა და უსამართლობას, არამედ ხელს აფარებს მათ, ვინც თავისი ძალადობრივი ქმედებებით ამ რეჟიმს ამყარებს“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.
