15 წლის შემდეგ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 პირი დააკავეს, 2-ზე ძებნა ცხადდება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გენერალურმა პროკურატურამ 8 ადამიანი დააკავა, 2-ის მიმართ კი ძებნას გამოაცხადებს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე დღეში, წამებით მოკლეს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როინ შავაძეს 2005-2006 წლებში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს, გამოცხადებული ჰქონდა მადლობა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის. მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს, საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება, რომ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.

გენერალურმა პროკურატურამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ხელახალი გამოძიების დეტალები აღწერა:

  • დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ შავაძე უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.
  • მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.
  • იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.
  • როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.
  • სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.
  • მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.
  • ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ.
  • ქობულეთის და გურიის საზღვართან, აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.
  • სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
  • ცეცხლნასროლი ჭრილობების გარდა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის, მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა.
  • როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად.

პროკურატურის განცხადებით, როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა ყალბი ვერსია შეიმუშავეს:

  • კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს.
  • ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქალაქ თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით  მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
  • ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა.
  • კერძოდ „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადასტურდა, რომ თბილისისკენ მითითებული მარშრუტით დაკავებულის ეტაპირება ვერ მოხდებოდა, რადგან რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის გამო, 2008 წლის 16 აგვისტოს სამანქანო მაგისტრალი გადაკეტილი იყო. ამავე  ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, რისი სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა და ვითომდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პირადი დავალებით გადაჰყავდათ, რაც ადასტურებს, რომ როინ შავაძის დაკავების ადგილიდან ტრანსპორტირების მიზანს თბილისში გადაყვანა არ წარმოადგენდა.

საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ცემის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებების, კერძოდ მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ფონზე, როინ შავაძისთვის შეუძლებელი იქნებოდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის სწრაფი გადაადგილება ან/და გაქცევა.

ამდენად უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ასევე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში  გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის, განზრახ უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით დაიწყო. ყველა ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.