„ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ევროპის დიდი ნაწილისთვის ეს სასტიკი ზაფხულია, მთელი პლანეტისთვის ეს კატასტროფაა“, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
გაეროს შტაბ-ბინაში 27 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გუტიერეშმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება სრულად შეესაბამება პროგნოზებსა და განმეორებით გაფრთხილებებს – „ერთადერთი, რაც გასაკვირია, არის ცვლილების სიჩქარე. ეს არის საშინელება და ეს მხოლოდ დასაწყისია. დასრულდა გლობალური დათბობა, დადგა გლობალური დუღილის ეპოქა. მეცნიერებისთვის ეს ცალსახაა - ადამიანები არიან დამნაშავენი“.
მიმდინარე ივლისი უკვე ფასდება როგორც ყველაზე ცხელი თვე კლიმატის ცვლილებებზე დაკვირვების ისტორიაში.
„ივლისი კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე ცხელი თვე იქნება. ამის გასაგებად არ არის საჭირო თვის დასრულებას დაველოდოთ. მომდევნო დღეებში ყველა რეკორდი დაიმსხვრევა. უკვე იყო ყველაზე ცხელი სამკვირიანი პერიოდი, რაც კი ოდესმე ყოფილა, სამი ყველაზე ცხელი დღე ჩანაწერში და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა წელიწადის ამ დროისთვის“, - განაცხადა გაეროს გენმდივანმა.
ანტონიო გუტიერეში საფრთხეების უგულებელყოფაზე საუბრობს და საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ დიდ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაზარდონ იმ ფინანსური რესურსების მოცულობა, რომელიც მსოფლიოს წინაშე არსებული ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას სჭირდება.
რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტყის ხანძრების მიზეზი გახდა. საგანგაშო მდგომარეობაა საბერძნეთში, სადაც ბოლო 24 საათში ხანძრის 60-ზე მეტი ახალი კერა გაჩნდა. ქალაქ ვოლოსის მახლობლად ცეცხლი ტყიდან ავიაბაზის ტერიტორიამდე მივიდა და საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება გამოიწვია. აფეთქებების ტალღამ მეზობელ სოფლებამდეც მიაღწია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით უახლოესი 12 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა ივლისის თვე იტალიაში, საფრანგეთსა და პორტგულიაშიც. 2023 წელს ევროპის კონტინენტზე ყველაზე მაღალი - 48.8 გრადუსი სიცილიის რეგიონში დაფიქსირდა. ტყის ხანძრებს ებრძვიან იტალიაშიც.
„ექსტრემალური ამინდი ახალ ნორმალურ ვითარებად აღიქმება“, - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი და თითოეულ ქვეყანას აკისრებს პასუხისმგებლობას, დაიცვან საკუთარი მოქალაქეები ეკოლოგიური კატასტროფებისგან, მათ შორის, მაღალი ტემპერატურისგან, ფატალური წყალდიდობისგან, ქარიშხალისა და ძლიერი ხანძრებისგან.
