საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი ექიმები აცხადებენ, რომ კლინიკა „ვივამედში“ მათი ბოლო ვიზიტის შემდეგ, 4 დეკემბრიდან 19 თებერვლამდე პერიოდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ექსპერტთა მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ობიექტური გამოკვლევით, გამოხატულია მძიმე სარკოპენია.
„პაციენტმა დაიკლო კიდევ 5.7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.
წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-იდან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება
შთაბეჭდილება:
- სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია.
- ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
პროგნოზი და რისკები:
პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში - შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.
მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.
გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას - ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს, არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“.
დასკვნას ხელს აწერენ თენგიზ წულაძე (ნევროლოგი), გრიგოლ ხურციძე (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა), გიორგი კაჭარავა (კარდიოლოგი), ნინო ზავრაშვილი (ენდოკრინოლოგი), გიორგი პაპიაშვილი (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გიორგი გრიგოლია (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი).
23 თებერვალს, კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ 20 თებერვლის მდგომარეობით, ყოფილი პრეზიდენტი 67.2 კილოგრამს იწონიდა და „ტენდენცია დამძიმებისკენაა“. სააკაშვილის მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის თქმით, პაციენტი ძალიან დასუსტებულია, მწოლიარე მდგომარეობაშია და აქვს კიდურების ტკივილი. მკურნალი ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება და წონაში პროგრესული კლება ოქტომბერში დაიწყო: „შემოდგომიდან სულ მქონდა საუბარი ცილოვანი დანამატების მიღებაზე, რადგან იქ ჩანს, რომ კუნთოვანი ქსოვილის ატროფიაც მიდის. პაციენტი არის საღ აზრზე, კონტაქტში შემოდის თავისუფლად და რა შეიძლება გავაკეთოთ? ჩვენ არ გვაქვს უფლება და ძალით რა გავაკეთოთ? ოქტომბრამდე პაციენტი იღებდა - შეიძლება არ იყო კალორიული, მაგრამ მრავალფეროვან საკვებს. იქ შედიოდა სუპები, ბუტერბროდი კარაქით, ხიზილალაც, თევზეულიც. მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ამას ვეღარ ვაღწევთ. ამიტომ არის ასეთი კლება“. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რომელშიც იმყოფება და ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე უარს ამბობს.
6 თებერვალს, ორთვიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე და იგი პატიმრობაში დატოვა.
სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორი კლინიკა „ვივამედში“ დაახლოებით 9 თვის წინ, 2022 წლის მაისში გადაიყვანეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან. ყოფილ პრეზიდენტი თბილისში, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.