სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორი კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. 9 თვეზე მეტია, რაც სააკაშვილი ამ კლინიკაშია მოთავსებული. მისმა მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი 20 თებერვლის მდგომარეობით 67.2 კილოგრამს იწონიდა და ტენდენცია არის დამძიმებისკენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ძალიან დასუსტებულია, მეტი წილი კი არა, საერთოდ მწოლიარე მდგომარეობაშია. აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება. ყველაზე სავალალო არის ის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული, მაგრამ ამ არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს ნამდვილად. თუნდაც, პირღებინება ან გულისრევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყო. ყოველდღე ვცდილობ მასთან, დედამისთან საუბრით, რომ ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. თუ პაციენტი გაუარესდება, შემდგომი ეტაპი არის უკვე რეანიმაცია. გუშინ მის ადვოკატთანაც ვთქვი, მდგომარეობას სარეანიმაციოს ნუ გაიხდით მეთქი“, - განაცხადა დავარაშვილმა.
მკურნალი ექიმის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება და წონაში პროგრესული კლება ოქტომბერში დაიწყო:
„შემოდგომიდან სულ მქონდა საუბარი ცილოვანი დანამატების მიღებაზე, რადგან იქ ჩანს, რომ კუნთოვანი ქსოვილის ატროფიაც მიდის. პაციენტი არის საღ აზრზე, კონტაქტში შემოდის თავისუფლად და რა შეიძლება გავაკეთოთ? ჩვენ არ გვაქვს უფლება და ძალით რა გავაკეთოთ? ოქტომბრამდე პაციენტი იღებდა - შეიძლება არ იყო კალორიული, მაგრამ მრავალფეროვან საკვებს. იქ შედიოდა სუპები, ბუტერბროდი კარაქით, ხიზილალაც, თევზეულიც. მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ამას ვეღარ ვაღწევთ. ამიტომ არის ასეთი კლება“.
ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა სოფო მებუკემ აღნიშნა, რომ „ვივამედში“ ყოფნის 9.5 თვის განმავლობაში სააკაშვილმა ჯამში 37 კილოგრამი დაიკლო. მისი თქმით, პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ყოველდღიურად უარყოფით რეჟიმშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იღებს იმის მესამედ ან მეოთხედ კალორაჟს, რაც ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე წონის შენარჩუნებისთვისაა საჭირო.
„ძირითადი წამყვანი სიმპტომი მადის დაქვეითებაა, თუმცა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევებით ყოველგვარი ორგანული გენეზისის მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ანუ ფსიქო-ემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც განვითარებულია, როგორც, თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთის მომენტით“, - აღნიშნა სოფო მებუკემ.
კითხვაზე, რატომ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილი საჭირო რაოდენობის კალორიების მიღებაზე, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ უპასუხა, რომ პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რაშიც „ის იმყოფება. პაციენტი თვითონაც ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება თავისუფალი“, - განაცხადა ჩხაიძემ.
„ვივამედის“დირექტორმა კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრების შეფასებაზეც, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი ბოლო ვიზიტიდან, 4 დეკემბრიდან კიდევ უფრო გაუარესდა:
„შემიძლია დავადასტურო პატივისცემა კონსილიუმის ყველა წევრი ექიმის მიმართ. ისინი ნამდვილად თავისი საქმის სპეციალისტები არიან, მაგრამ ჩვენ გვიჩნდება კითხვები და გვაქვს ასეთი აზრი: კონსილიუმი, ზოგადად, ნიშნავს ექიმების აზრების ურთიერთგაზიარებას, რომ შესაბამისად ნანახი იქნეს პაციენტი, მისი უახლესი კვლევის შედეგები, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მკურნალი ექიმების აზრი, ჩვენი აზრი, რომ შევჯერდეთ და იყოს რეკომენდაციები. ამ კონსილიუმის მხრიდან ვერც პირველ შემთხვევაში და ვერც ბოლოს, მსგავსი არაფერი ყოფილა - არც ანალიზები ყოფილა ნანახი, არც სხვა ინსტრუმენტალური კვლევის შედეგები. განცხადებების კეთება კლინიკის კიბეებზე და რაღაც ახალი დიაგნოზები, მემგონი, კუჭის პარეზი ახსენეს - რის საფუძველზე? ჩვენ ვისურვებდით მათთან უფრო მეტ თანამშრომლობას, რომ დაინტერესდნენ კვლევის შედეგებით და მოისმინონ ჩვენი აზრი“.
ბრიფინგს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. როგორც მის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კლინიკა „ვივამედის“ ექიმების ნათქვამში სიმართლე მარტო ის იყო, რომ მისი სიტუაცია მძიმეა, სწრაფად უარესდება და „რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს“.
„დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი. ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე. არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე! მინდა მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს.
ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ „პარლამენტარები“, „ჟურნალისტები“, ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
6 თებერვალს, ორთვიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე და ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. სააკაშვილის გათავისუფლების და სასჯელის გადავადების მოთხოვნას საფუძვლად უდევს ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დაპატიმრების წინ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების შეფასებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში. ადვოკატებს განჩინება სააპელაციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.