8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება - მორგოშია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს, პირდაპირ გეტყვით. 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“, – იმუქრება პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ხვალ, 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში, დახურულ ტერიტორიაზე, პრაიდის ფესტივალი გაიმართება, რომელსაც ლგბტქ+ თემი მესამე წელია ატარებს. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ქუჩებში ე.წ. გეი აღლუმი უნდა ჩატარდეს.

„ალტ ინფომ“ ფესტივალის წინააღმდეგ აქცია წელსაც დააანონსა. როგორც პარტიის ლიდერი გიორგი ქარდავა ამბობს, მათი მთავარი მოთხოვნები იქნება ფესტივალის ჩაშლა და კანონპროექტის მიღება, რათა „საზოგადოებას ყოველ წელს არ უწევდეს აქციებითა და მიტინგებით ამ პრობლემის მოგვარება“.

ამასთან, აქციის დაფინანსებისთვის გახსნილი საბანკო ანგარიშები „საქართველოს ბანკმა“ და „თი ბი სი“ ბანკმა დაბლოკეს. საუბარია ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის ანგარიშზე. მახარაძის თქმით, ანგარიშების დაბლოკვის მიუხედავად, უკვე საკმარისი თანხა შეგროვდა იმისთვის, რომ რეგიონებიდან მხარდამჭერების ტრანსპორტირება უზრუნველყონ.

„პრაიდის კვირეული“ 2-8 ივლისს, სლოგანით „სიყვარულს ვერ დაამარცხებ“, ტარდება. მისი ორგანიზატორი „თბილისი პრაიდია“. 2 ივლისს, კვირეულის გახსნის ღონისძიებას თემის წევრებისა და მხარდამჭერების გარდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი. 6 ივლისს, საერთაშორისო ლგბტქ+ კონფერენცია გაიმართა, ფესტივალი კი კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაა, რომელსაც წინასწარ დარეგისტრირებული სტუმრები დაესწრებიან.

არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა. ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ჩვენი გუნდი უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული. ფესტივალზე ველით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თბილისი პრაიდმა“ მსვლელობის გამართვაზე უარი სამი წლის წინანდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ თქვა. 2021 წლის 5 ივლისს, საპატრიარქოს, „ალტ-ინფოს“ და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის დროს, დედაქალაქის ცენტრში, ჯგუფურად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, სცემდნენ და ტექნიკას უმტვრევდნენ. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სცემა. ლაშქარავა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს გარდაიცვალა.

5 ივლისს ძალადობის ორგანიზებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს არავინ დაუკავებიათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).