„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან ბევრი პოლიტიკური პატიმარი რჩება ციხეში. თუმცა, მალე ეს უხერხულობა გარდაიქმნება მათი თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – თქვა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან.
როგორც მან განაცხადა, პოლიტპატიმრებად განიხილავს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსაც.
„აქ ვინც „ქოცები“ არიან, ახლა თუ უკვე აღარ არიან „ქოცები“, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა მოჰყვეს ამ ჩემს ნათქვამს და ვიცი, რომ მოჰყვება, მე ამ ხალხს განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გვგონია ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. ამ მჯდომ „ქოცებსაც“ არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ, ვიდრე „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში“, - განაცხადა გვარამიამ.
2025 წლის აპრილში, ნიკა გვარამიას „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. პროკურატურამ პოლიტიკოსის მიმართ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, რაც 13 ივნისს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა. გვარამია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად მივიდა. იმავე წლის 1-ელ ივლისს მოსამართლე ნაჭყებიამ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2025 წლის ნოემბერში, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ნიკა გვარამიას და კიდევ 7 ოპოზიციონერ ლიდერს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე წაუყენეს ბრალი. პროკურატურის განცხადებით, გვარამია, სხვა ბრალდებულებთან ერთად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს „რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საფუძვლით ციხეში მოხვდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც - ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე და გივი თარგამაძე, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
მათგან ციხეში რჩება ნიკა მელია, რომელსაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე მას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი და ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი. ამ უკანასკნელს 2025 წლის ნოემბერში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბუტა რობაქიძის საქმეზე.
