ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ და „ოცნების“ მიერ გამართლებულ ძალადობას - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აეროპორტში მასზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციაში საჩივარი შეიტანა და გამოძიება მოითხოვა. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. აქ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას და შემდეგ უკვე პოლიტიკოსების, „ოცნების“ მიერ პირდაპირ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ თუ არ ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. მე ამ შემთხვევაში კი არ ვარ პიროვნება, მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“ - ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას - მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დაავიწყდათ - და საქართველოს სურათს მსოფლიოში.

იმ დროს, როცა მიმიღეს როგორც მიმიღეს მიუნხენში, მანამდე ამერიკაში თუ პარიზში, ეს მათი რეაქცია, არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა ხდება და რატომ ხდება

რეალურად, ამას ვუხსნიდი უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან, რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, საქართველო ამაზე ბევრად დიდია და ესენი ვერ მართავენ საქართველოს. აღარც იციან, რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ და რაც შეუძლიათ, არის რაღაც რეპრესიული ზომების ერთიმეორეს მიყოლებით მიღება და კვერცხის სროლა.

რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება?! მაგრამ სიტყვა „ხელისუფლება“ არ მიყვარს ამათ შემთხვევაში, იმიტომ, რომ აღარ არიან ხელისუფლება. ესენი არიან რეჟიმი. და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ქალის მიმართ, ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად - კარგი, ნუ ცნობთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა - ასე იქცევი. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი რისი ნიშანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე.

მან საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა, საქართველოს ვნებს.

„ტურიზმზე რამე როგორ უნდა ვთქვათ, როცა უსაფრთხოება აეროპორტში აღარ არის დაცული?! არც გუშინწინ დილით, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, „ოცნების“ ყოფილ პრემიერს, არც მაშინ არ იყო არსად პოლიცია, არც ამ დილით.

ამ დილით უკვე ვიცოდით, ხომ იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში, რომ „ახლა ჩემი ჯერი იყო“, ვიღაც ქალები ავრცელებენ ამას. მე თუ ვიცოდი, ყველამ იცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ალბათ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული, რათა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო აეროპორტის ჰოლში და აეროპორტის გასასვლელში. იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებულები უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში.

სახელმწიფო არის იქ, სადაც წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური შეხედულების გამო არ მოგწონს. ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფოს გვიკარგავენ დღითიდღე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ, ხალხი დგას და მე მათთან ერთად ვდგავარ მაშინაც, როცა არ ვარ ქვეყანაში.

არავინ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ ჩამოვალ. სადაც საჭირო იქნება, წავალ და ჩამოვალ, რადგან ჩემი მოვალეობაა, ვიყო ამ ხალხის ხმა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

18 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცნობი პირები მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.

ერთი დღით ადრე, აეროპორტში სავარაუდოდ იგივე ჯგუფმა დაუშინა კვერცხები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციონერ გიორგი გახარიას და მის თანაგუნდელს, გერმანიაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ტელეარხის, „პოს ტვ-ის“ სახემ, ნათია ბერიძემ გახარიასთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, Facebook-ში ზურაბიშვილი მონიშნა და დაწერა: „ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნდნენ. საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფორუმზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები წელს არ მიუწვევიათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.