პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატის თქმით, მას ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში. ტანზე ეტყობა სისხლნაჟღენთები, დალურჯებები. ადვოკატს არ მომეცა საშუალება, დავსწრებოდი მის დაკავებას, დაკავების შემდეგ კი არ გვითხრეს, სად გადაიყვანეს. ეს ყველაფერი კანონდარღვევაა და მე მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას [სპეციალური საგამოძიებო სამსახური], რაც შეიძლება მალე გამოგზავნოს გამომძიებლები და გამოიძიონ პოლიციის არაკანონიერი ქმედება. მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. ასევე, მოვუწოდებ სახალხო დამცველს, რომ მოვიდეს და პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ ვინ ძალადობს ირაკლი ეძგვერაძეზე, ირაკლიმაც იცის, ვინ იძალადა მასზე“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
ირაკლი ეძგვერაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი საკრებულოში, ირაკლი ნადირაძე გლდანში 4 სექტემბერს, საღამოს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
„დამირეკეს და მითხრეს, რომ ირაკლი ეძგვერაძესთან იყო მობილიზებული ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ფორმაში, იყვნენ სამოქალაქო ფორმაში. ხდებოდა ადგილზე დაპირისპირება, როგორც მითხრეს. მე როდესაც მივედი, უკვე მანქანაში სვამდნენ, აკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის მოვითხოვე, განემარტათ მისთვისაც და ჩვენთვისაც, რატომ ხდებოდა მისი დაკავება, პასუხები არ მიგვიღია“ - განაცხადა ნადირაძემ, რომელიც გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს „სპეცოპერაციად“ აფასებენ და მათი წევრების წინასაარჩევნო აქტივობებს უკავშირებენ.
„იმის ნაცვლად, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ებრძოდეს იმ პრობლემებს, რა პრობლემების წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას, ებრძოდეს კორუფციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, ის ებრძვის ოპოზიციას და ვინ იქნებოდა მთავარი სამიზნე თუ არა ჩვენი კოალიცია „ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჩენ გუშინ ვნახეთ სრულიად ცინიკური, გაუმართლებელი მეთოდებით როგორ იდგნენ ე.წ. პოლიციელები ჩვენი პარტიის გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსის ირაკლი ეძგვერაძის სახლთან და როგორ ელოდებოდნენ მას. შემდგომ როგორ გაიტაცეს ის. დიახ, ეს იყო გატაცება, ეს იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთა. 3 საათის განმვალობაში ირაკლი ეძვერაძის ადვოკატმა არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი.
ალბათ არავისთვის იყო ეს მოულოდნელი, პრემიერის გუშინდელი განცხადების შემდეგ, როდესაც მან ფაქტიურად დააანონსა ოპოზიციის მიმართ ძალადობა და რეპრესიები. მათმა ზონდერ-ჯგუფებმა არ დააყოვნეს და სულ რამდენიმე საათში პრემიერის ანონსი ფაქტად აქციეს“, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდნენ, რა დროსაც, მათ ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებასთან არანაირი შეხება არ ქონდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.