აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნულმა პლატფორმამ პარლამენტთან მემორანდუმი შეაჩერა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონს“, - ამის შესახებ ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის (EaP CSF) მიმართვაში, რომლის ადრესატები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიცირება „სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია“.

„პირობის გატეხვა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი. კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი.

ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას ჩვენ, როგორც ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დღემდე საქართველოს პარლამენტთან დიალოგითაც ვცდილობდით. სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი, მაგრამ დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიცირება გვიჭრის გზას, როგორც თანამშრომლობისკენ, ისე ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას.

მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი. მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს ინიცირებული კანონპროექტი.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე. ჩვენ ურყევად დავიცავთ დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, თანასწორობას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არავის მივცემთ უფლებას დაგვაკარგვინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი“, - ნათქვამია მიმართვაში.

მმართველი პარტია აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ. „არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან პრინციპული საკითხია“, - თქვა მდინარაძემ. დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ და ეს საკითხი დახურული იყო. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მხარს უჭერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).