ოპოზიციურმა პარტიებმა „ახალმა“, „დროამ“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ალიანსი შექმნეს და ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას იწყებენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა „ლელოსთან“, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტის მიმართ, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად. [...] ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა იცხოვრონ უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში“, - განაცხადა გვარამიამ.
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ 5 წელიწადში ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ერთადერთი, რაც ამას ბარიერად ეღობება, არსებული „რუსული რეჟიმია“.
„26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა, ამის მიღწევისთვის საჭიროა სამი რამ:
- პირველი - საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საარჩევნო ყუთებთან;
- მეორე - ხმების დაცვა, მას შემდეგ, რაც ხალხი საარჩევნო ყუთებთან მოვა.
- მესამე - ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში.
მჯერა, საბოლოოდ, ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია სამივე ამოცანას ეხმიანება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა შესთავაზოს არჩევანი და „ეს არჩევანი არის ერთობა“.
„ჩემთვის რამდენიმე პრინციპია ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი არის ქარტია, რომელსაც მოვაწერეთ ხელი და ქარტიაში ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტულად განსაზღვრული მანდატი რისთვის მოვდივართ: მოვდივართ ევროპაში შესასვლელად, ევროპის დღის დღის წესრიგის დასაბრუნებლად და სამართლიანი, დემოკრატიული პოლიტიკური საზოგადოებრივი გარემოს შესაქმნელად“, - თქვა ელენე ხოშტარიამ.
სამი პარტიის ალიანსის სახელწოდება ჯერ შეთანხმებული არ არის. ლიდერების განცხადებით, მათი საარჩევნო ნომერი 4 იქნება.
საპარლამენტო არჩევნების წინ ცალკე გაერთიანდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა “ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. მათ პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ დააფუძნეს, რომელსაც პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები - არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაიაც შეუერთდნენ.