ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება, აქამდე მაქსიმალური პენსია 560 ლარი იყო; საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასიც; სამ და მეტშვილიან უსახლკარო ოჯახებს მთავრობა ბინებს უყიდის; 400 ათასი პენსიონერი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს - მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა არაერთ ახალ პროგრამაზე, რომლის დაწყებასაც ხელისუფლება 2024 წლიდან აპირებს. მომავალ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება, შედარებისთვის, 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე და 11 წელიწადში თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი დღევანდელი განცხადებების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების კომპენსაცია 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე გაიზრდება. ასევე, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია.
მთავრობა გეგმავს საცხოვრებელი ბინები უყიდოს უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს, ვისაც სამი და მეტი შვილი ჰყავს და სოციალურად დაუცველია.
პრემიერის დავალებით, შესწავლის შედეგად ასეთი 1000-მდე ოჯახი დაუთვლიათ. „ეს იქნება ორწლიანი პროგრამა. გაისად დავიწყებთ, აქაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯამურად, 25 მილიონი 2024 წელს და დანარჩენი 2025 წელს. მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
2024 წელს ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით 65 მილიონი ლარი გამოეყოფა და ჯამური ბიუჯეტი 7 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. პრემიერმა აქ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „2012 წელთან შედარებით, რადიკალური ცვლილებაა. ბოლო 11 წელიწადში ექვსი მილიარდი ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი, 325%-იანი ზრდა გვაქვს“.
გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში, 2024 წელს პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში ეს მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. მთავრობის მონაცემებით, ასეთია დაახლოებით 400 000 ადამიანია. დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც.
„პენსიები გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში, 70-წელს ზემოთ პენსია უკვე 500 ლარამდე იქნება. თითქმის 400 ლარამდე იქნება 70 წელზე ქვემოთ პენსია.
საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც. 10%-იანი ზრდა არის ჩადებული და მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო სამ წელიწადში, 30%-ით გაეზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის, პოლიციელებს და ჯარისკაცებს 45-50%-ით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2024 წელს 400 მილიონ ლარზე მეტით იზრდება განათლების დაფინანსება.
„განათლების ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 1 მილიარდ 800 მილიონამდე ლარით - 300 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში“, - ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ „აქაც კარგად ჩანს, როგორ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას“.
2024 წელს, მთავრობა რულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასის გაზრდას საშუალოდ 500 ლარით და მეტით გეგმავს.
შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად თითქმის 200 მლნ-ზე მეტით იზრდება.
სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 20 მილიონი ლარი, საიდანაც 15 მილიონი ლარი სპორტული ფედერაციებისთვის არის გათვალისწინებული და 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის.
„2012 წელთან შედარებით, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 326 მილიონი ლარით. აქედან, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია. გაზაფხულზე დაიწყება მშენებლობა. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება. მაქსიმუმ დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში“, - განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკის სამინისტროსთვის დამატებით განსაზღვრული 70 მილიონი ლარი აეროპორტების მშენებლობას უნდა მოხმარდეს - ეს არის ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, თელავის აეროპორტი და ვაზიანის აეროპორტის პროექტირება, მათ შორის, კვლევების დასრულება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი იქნება. „შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 419%-ით არის გაზრდილი ბატონი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი, 2012 წელს იყო ორ მილიარდ 700 მილიონი ლარით ნაკლები, რაც, ძალიან დიდი ზრდა არის. ეს ყველაფერი ჩანს და ხედავთ, რომ
მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მშენებლობა გაჩაღებული, იქნება ეს გზები, ხიდები, ავტობანები თუ მაგისტრალები და ა.შ.
ყველა მუნიციპალიტეტის ურბანული განახლება, კურორტების, ასე ვთქვათ, განახლება და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი 2024 წელს. 10 ქალაქში ჩვენ დავიწყებთ მაშტაბურ სამუშაოებს, 10 ტურისტული ქალაქი გამოვყავით: ბორჯომი, ყაზბეგი, მესტია, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება 2024 წელს. ასევე დასრულდება მთავარი მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე და მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება ამ მიმართულებითაც“, - თქვა ღარიბაშვილმა.