აქციის დარბევისას დაშავებული 21 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

2 დეკემბრის ღამით საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავებულ 21 წლის ალეკო თირქიას ინგოროყვას კლინიკაში შუბლისა და თვალბუდის ძვლის მოტეხილობების, ასევე, თავის ტვინის გარსში სისხლჩაქცევების გამო, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„21 წლის პაციენტი შემოყვანილია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით, თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით. ამ მომენტისათვის თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე არის შენახული. დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, უარყოფითი დინამიკის გარეშე“, - განაცხადა ექიმმა.

ალეკო თირქია კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დილის დაახლოებით 04:00 საათზე მიიყვანა. ნინო ხარაიშვილის ინფორმაციით, გონების დაკარგვამდე პაციენტმა თქვა, რომ „ტრავმა მიღებული ჰქონდა რაღაც ბლაგვი საგნით“.

ექიმის განცხადებით, ბიჭი პოსტრავმული მდგომარეობის შესაბამისად, მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება მის პოსტრავმულ მდგომარეობას. იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, სტაბილური ჰემოდინამიკით,“ - განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.

ალეკო თირქიას ბიძა იოსებ ჩანადირი ჰყვება, რომ ბიჭი ძალოვანებმა მეგობარ გოგონასთან ერთად ალყაში მოაქციეს და გაზის კაფსულები ესროლეს.

„ბებიას დაურეკა, უთხრა, რომ ალყაში იყო და ვერ გადიოდა. მეგობარ გოგოსთან ერთად იყო და ბებიასთან საუბრის დროს, გოგონას მოხვდა ერთი კაფსულა ფეხში, მეორე კაფსულა კი ამას მოხვდა სახეში. ის მომიტინგეებმა გამოიყვანეს.

ალექსი არის ძალიან უწყინარი, ყველაზე საყვარელი ბავშვი, რომლის მშობლებიც არიან ემიგრაციაში. „აყვავებული“ ქვეყნიდან არიან წასულები ლუკმა-პურის საშოვნელად,“ - თქვა დაზარალებულის ბიძამ.

გასული ხუთი ღამის განმავლობაში, საპროტესტო აქციის დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი გამოიყენეს. სპეცრაზმელები დემონსტრატებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბრის აქციიდან გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში 26 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან 23 აქციის მონაწილე, 3 კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).