„ალტერნატიული რეალობა გაქვთ შექმნილი და ამ ალტერნატიული რეალობით ცდილობთ, მათ შორის, საკუთარი ხალხი მოატყუოთ“, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს. მანამდე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ქვეყნის კურსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები უადგილოა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან გაბუტვა და მუქარები კი არა, მხარში დგომა სჭირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
აქუბარდიას განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გუშინ, „ქართული ოცნების“ წევრებს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ხალხს ატყუებენ, თითქოს ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავთ.
„ღიად გითხრეს, რომ თქვენ საქართველო ევროპას დააშორეთ. ღიად გითხრეს, რომ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხაც საფრთხის წინაშე დადგებაო, თავი რომ დავანებოთ პერსონალურ სანქციებს და იმას, ოქტომბრის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს.
ახლა აქ რომ ლაპარაკობთ, უადგილო არის კითხვები საქართველოს კურსთან დაკავშირებითო, საქართველოს კურსთან დაკავშირებით კითხვები აღარ არის. უკვე ადეკვატური აღქმაა და პირდაპირ გეუბნებიან, საქართველო ევროკავშირს დააშორეთო. შესაბამისად, როდესაც ჯოზეფ ბორელი ღიად გეუბნებათ, რომ უმაღლესი პირები დეზინფორმაციას ავრცელებენო, ეს ყველაფერი არის დიაგნოზი და რაც არ უნდა განსხვავებული რეალობა შექმნათ, ეს არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ თქვენ ყველა, ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს უარი უთხარით. ქართველ ხალხს ტყუილებს ეუბნებით.
როდესაც ლაპარაკობთ საქართველოს რეპუტაცია ზიანდება და დასავლეთი დეზინფორმაციას ავრცელებსო, მთავარი დეზინფორმატორები თქვენ ხართ. მაშინ როდესაც პარტნიორების გაბუტვასა და მუქარაზე საუბრობთ, პარტნიორები კი არ გებუტებიან, გიხსნიან, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, თქვენთვის კი არა - თქვენ უკვე დასანქცირებული ხართ და დანარჩენები კიდევ იმად შერაცხილები, რასაც ხალხი გიწოდებთ.
როდესაც ლაპარაკობთ პარტნიორების მუქარაზე, ეს მუქარა კი არა რეალობაა, რომელიც გინდათ გადაასხვაფეროთ და დასავლეთს გადააბრალოთ ის, რომ ქვეყნის კურსი რუსეთისკენ შემოატრიალეთ. ამ ქვეყნის დახმარება, რაც ამერიკისა და ევროკავშირის დახმარებაზე იდგა, სუვერენიტეტი და თავისუფლება, საფრთხის წინაშე სწორედ თქვენ დააყენეთ. თუ ამ ქვეყანას სუვერენიტეტის მხარდაჭერა და დაცვა ჰქონდა, ჰქონდა ამერიკისა და ევროკავშირისგან. რუსი ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეებს რომ იტაცებენ და რომ კლავენ, ისევ დასავლეთ ვთხოვთ, შეფასება გააკეთოს და დაგვეხმაროს. თქვენ ამ დასავლეთს აბრალებთ ომში ჩათრევის სურვილს, მატყუარას და უსამართლოს ეძახით“, - განაცხადა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდია ქართულ ჯარის მხარდაჭერის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ წელს შესაძლოა ევროკავშირის 33-მილიონიანი დაფინანსებაც გაიყინოს.
„მაინტერესებს ქართული ჯარის ამბავი, იმ ჯარის, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს და ყველაზე მარალი ნდობა აქვს. რას ეუბნებით ჯარისკაცებს? ბატონო შალვა [პაპუაშვილი], თქვენ რომ იყავით ჯარში წასული, სამხედრო მაისურით ზელენსკის სტილში, რა უთხარით თქვენს ჯარს? რა გააკეთეთ აქ? გააკეთეთ ის, რომ რომ ამერიკული დაფინანსება ქართული ჯარისთვის გაყინული იქნება, ევროკავშირის 33-მილიონიანი დაფინანსება შესაძლებელია გაიყინოს წელს და გაისად კიდევ კაცმა არ იცის, რა მოხდება. ამ ვითარებაში, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იმ ამოცანებს, რასაც შეკავება და თავდაცვა ჰქვია, შეასრულებს თუ არა? ძალიან მაინტერესებს ჯარს თქვენ რას ეტყვით? ამ ვითარებაში, ამდენი ტყუილი, ამდენი დეზინფორმაცია, ქვეყნის მტრობა და ღალატი ნორმალური არ არის. ამას პასუხს ქართველი ხალხი ოქტომბერში გასცემს“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
გუშინ, ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა, საქართველო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო. 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ბორელმა მკაფიოდ თქვა, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და თუ მთავრობა არ შეცვლის მოქმედების კურსს, ქვეყანა ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წავა. ბორელმა შესაძლო ზომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან შეამცირებს პოლიტიკურ კონტაქტებს, განიხილავს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და გადახედავს ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მხარდაჭერას.