საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
„ზედიზედ მეორედ განვიხილავთ საქართველოში განვითარებულ შემაშფოთებელ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას. წუხილს გამოვთქვამთ, რომ ოფიციალური აქტორების მხრიდან ფართოდ ვრცელდება დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ. უმაღლეს დონეზე ვისმინეთ ქართველთა ხმებს, რომლებიც მოულოდნელად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას აახლოებს ევროკავშირთან. მინდა განვმარტო - არა, არა. ეს კანონი და მის გარშემო არსებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. არ შეიძლება იყოს უფრო ნათელი, უფრო ლაკონური - ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირს. ამ განცხადებას კი 27 წევრიდან 26 მხარს უჭერს. არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ერთსულოვნება სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის.
ჩვენ გვესმის, რომ ეს დინამიკა ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და [საგარეო საქმეთა] მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა დღემდე ნათლად აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროკავშირს და თუ მთავრობა არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წავა. შემიძლია ვთქვა უფრო ხმამაღლა, მაგრამ არა ნათლად. თუ მთავრობა არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირის გზაზე ვერ წავა.
პარალელურად, ჩვენ გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ. ჩვენ შევეწინააღმდეგებით დეზინფორმაციას და გავზრდით საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დაკვირვებას გააგრძელებენ და ზომებს საჭიროებისამებრ გამოიყენებენ.
„ჩვენ შევამცირებთ ჩვენს პოლიტიკურ კონტაქტებს და საქართველოსთან ურთიერთობას. განვიხილავთ მთავრობისთვის ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერებას და გადავხედავთ ჩვენს მხარდაჭერას ევროპის სამშვიდობო მექანიზმიდან.
ეს შეიძლება გაკეთდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, ზომებს მივიღებთ“, - თქვა ბორელმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართელი ხალხის გვერდით დგანან, მხარს უჭერენ ევროპული მომავლის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შანსი 20-30%-ით გაიზარდა. „კანონისინიციირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს 17 ივნისს.
