„ამ გადაწყვეტილებების შემოქმედი ის ხალხია, ვინც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდა. რაკი პირდაპირი მოთხოვნებით ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა, როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიაგნეს. იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელი არცთუ დიდი ხნის წინ გამოდიოდა და აცხადებდა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქართველი ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, ნამდვილად არაფერია გასაკვირი და არც თანმიმდევრულობაში ირევა რაიმე ჯაჭვი. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. არ ვიცი, ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი. ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას ანდობენ ზურაბ ადეიშვილს, შეიძლება ასე ჩანდეს, რომ სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, ვისაც შეიძლება არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ძმის და ახლო ნათესავების სანქცირებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების მიხედვით, სანქციები ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ შეზღუდვებს, როგორიცაა აქტივების ბლოკირება, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების ტრანზიტის, ფრენების და გადაყვანების, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერება, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობის, მიწის შეძენის აკრძალვა და ა.შ. სანქციები დაუყოვნებლივ ამოქმედდა.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ თქვა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სია დაუსაბუთებელი იყო და ზელენსკიმ ხელი „მარაზმს“ მოაწერა: „საბჭოს ხელმძღვანელი არის დანილოვი. დანილოვი იცით ვინ არის? ვინც საქართველოს მოგვიწოდებდა, მეორე ფრონტი გაგვეხსნა და ცოტა შევხიდებოდით ბავშვების და ქალების დახოცვაში. როცა უარი მიიღო, ბუნებრივია, ახლა ვითომ ამით გვაშანტაჟებს? ამით გვაშინებს? და ივანიშვილის ოჯახს მიადგნენ, დააშანტაჟეს, იმიტომ, რომ ივანიშვილმა არ მისცა უფლება, რომ მეორე ფრონტი გაეხსნა? ეს არის რეალობა? ეს არის სიმართლე?“, - თქვა ზარქუამ.
უკრაინის გადაწყვეტილებას შანტაჟად აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ამის შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს სანქცირებულთა სიაში, კობახიძემ ასე უპასუხა: „საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. ვერც დანილოვი და ვერც სხვები ამას ვერ მიაღწევენ“.
უკრაინამ საქართველოს მოქალაქეებს - ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე (ადიკო) ივანიშვილს, ძმის ცოლს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს და მისი შვილს, ტიტე მამაცაშვილს სანქციები დაუწესა. ივანიშვილისა და მისი გარემოცვის 11 წევრისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა უკრაინის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილ პორტალზე „ომი და სანქციები“ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი პორტალზე მოხსენიებულია როგორც ოლიგარქი და საქართველოს ე.წ. არაფორმალური მმართველი. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში.