შოვში, ღვარცოფში მოყოლილი დავით ჯელაძე, რომელმაც დისშვილთან, 6 წლის მაშოსთან ერთად სტიქიისგან თავის დაღწევა მოახერხა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ „წარმოუდგენელი ტყუილი“ უწოდა ინფორმაციას, თითქოს ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
რა მიზანი აქვს შოვში სიკვდილს გადარჩენილებზე „ოცნების“ შეტევას - ინტერვიუ ექსპერტთან
„ძალიან მძიმეა, ასეთ განცხადებას არ მოველოდი. ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მომაყენა. გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. მე ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს. ალბათ, არ უნდა, რომ გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა“, - თქვა ჯელაძემ და დასძინა, რომ მმართველის პარტიის თავმჯდომარის ასეთი განცხადება მოულოდნელი იყო.
„თურმე, ყველაფერი, რაც მოვყევი და რაც თავს გადამხდა, ტყუილი იყო და ესე იგი, ყველას ყველაფერი მოვატყუე. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეძლო ამ ადამიანმა ბავშვით ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადასვლაო. მართლა წარმოუდგენელია, როგორ შევძელით ეს მე და მაშომ. ახლაც არ ვიცი. იმ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო. ისეთი ლაფი იყო, ერთ ადგილზე რომ გაჩერებულიყავი, ეგრევე იძირებოდი და დაიხრჩობოდი წამიერად. მაგ ძალამ გადამიყვანა მეორე ნაპირზე. ვფიქრობდი, რომ იქ უსაფრთხო ადგილი იქნებოდა. იმის შიშით გადავდიოდი, რომ მეწყერი დაგვეწეოდა და გადაგვივლიდა ზემოდან, ვჩქარობდი. არ ვიცი, როგორ მოვახერხე ამის გაკეთება და იმის მაგივრად, რომ გვერდში დამდგომოდა ვინმე და ჩემი ისტორია მიეღო...
მე, რომ ღვარცოფზე გადავდიოდი, რაც ირაკლი კობახიძეს არ სჯერა, ქვემოდან ისმოდა ადამიანის ხმა, ვერ გავიგე საიდან მოდიოდა, ვერავის ვხედავდი. ის ადამიანი იყო მიწაში ჩამარხული და შველას ითხოვდა. ვერავინ ვერ ვეხმარებოდით, რადგან ყველა ტალახში ვიყავით ჩაფლულები. ეს სტიქია უბრალოდ არ უნდა მომხდარიყო, აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. მეწყერი წამოვიდა ზუსტად კოტეჯების თავზე. ელემენტარულად, ის ადგილი მაინც უნდა ყოფილიყო შეფასებული, მითუმეტეს, იმ დროს როდესაც აგვისტოა და ადამიანები ისვენებენ. მაშინ მაინც უნდა მიექციათ ყურადღება გარემოსთვის რომ ეს ტრაგედია თავიდან აგვერიდებინა“, - ამბობს დავით ჯელაძე.
ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვინც 3 აგვისტოს ღვარცოფის მასაში მოჰყვა, გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, იყო „სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“. ჟურნალისტებმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ანახეს დავით ჯელაძის მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული ფოტო წარწერით - „მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს“. ფოტოზე ჯელაძეს მონიშნული აქვს ის მანძილი, რომელიც უსაფრთხო ადგილის ძიებაში დისშვილთან ერთად გაიარა.
„ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ მე ცოტა მეეჭვება... ამ ფოტოზე ვერ გეტყვით. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა კობახიძემ ფოტოსთან დაკავშირებით.
თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარესაა, ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო - სარჯველაძე
3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. ამ დროისთვის ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი, 8 დაკარგულს კიდევ ეძებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.