თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალექსანდრე ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პოლიტიკოსის თანამებრძოლების განცხადებით, გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკურია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
ელისაშვილი ორი დღის წინ დააკავეს და ბრალად პოლიტიკური ნიშნით დევნა წარუდგინეს, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ელისაშვილმა „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ალექსანდრე ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, 10 წელია ალი ბაბაევი „თვალით არ უნახავს“, მისი სახელიც კი არ ახსოვდა და „წარმოდგენა არ ჰქონდა“, რომელ პარტიაში იყო.
როგორც ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა, მტკიცებულებები, რაც სასამართლოში ბრალდების მხარემ წარადგინა, ალი ბაბაევის დანაშაულზე მიუთითებს და აჩვენებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი კონფლიქტისას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო - „ბაბაევი იღებს რკინის ჯოხს, ეპარება ელისაშვილს რომ მას ჩაარტყას“.
სხდომის შემდეგ, ადვოკატმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ელისაშვილზე შური იძია და სამაგალითოდ სჯის.
„არ აპატია მდინარაძემ ის ხელის დარტყმა და არ აპატია რუსეთმა უკრაინაში მის წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა გიორგი რეხვიაშვილმა.
ალექსანდრე ელისაშვილი 4 დეკემბერს, 15-მდე პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავა იმ დროს, როდესაც ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტს“ ტოვებდა. ის მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დაკავებული ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არაა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია. სასამართლომ მას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ელისაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 იანვარს ჩაინიშნა.
