ალიევი: ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. ქარტიაში ჩამოთვლილი თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია რეგიონული კავშირები და ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და ინვესტიციები, უსაფრთხოება და თავდაცვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ილჰამ ალიევმა ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა მათი მოლაპარაკებების შინაარსისა და სტრატეგიული პარტნიორობის  ქარტიის ხელმოწერის თვალსაზრისით.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი.

ასევე, ჩვენ ღრმად მადლიერები ვართ პრეზიდენტ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ვენსის და მათი გუნდის კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის. გასული წლის აგვისტოში, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპის თანდასწრებით სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოახდინეს და ხელი მოაწერეს მშვიდობის ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმაც მოწმის რანგში მოაწერა ხელი. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე მშვიდობიანად ვცხოვრობდით. ჩვენ ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას. და ჩვენ ღრმად მადლიერები ვართ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიმართ ამ უზარმაზარი წვლილისთვის.

ჩვენ არა მხოლოდ მოვხსენით აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა, არამედ დავიწყეთ სომხეთისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდება, რითაც ეფექტურად დავიწყეთ ვაჭრობა და თანამშრომლობა. ჩვენს რეგიონში ტრამპ-ვენსის ადმინისტრაციის ძალისხმევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია პროექტის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელება, რომელიც არა მხოლოდ ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანის ორ ნაწილს, არამედ გახდება უაღრესად საიმედო, უსაფრთხო და მასშტაბური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აზიას აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების გავლით ევროპასთან დააკავშირებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევის თქმით, ქარტიის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სრულიად ახალ ფაზაში გადადის.

„ხელმოწერილი ქარტია ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს განსაზღვრავს. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული ოპერაციების საკითხებზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დღეს აზერბაიჯანი, თავისი ბუნებრივი აირის რესურსებით, 16 ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამ ქვეყნებიდან 11 ნატოს წევრი და შეერთებული შტატების მოკავშირეა.

TRIPP-ის გზით დაკავშირება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობასა და თანამშრომლობას. ჩვენ ასევე ვხსნით თანამშრომლობის ახალ თავს თავდაცვის პროდუქციის გაყიდვების სფეროში, რაც ასევე ძალიან პერსპექტიულია და, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების შექმნაში, რომლებიც ამჟამად ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილია და სადაც უკვე გვაქვს თანამშრომლობის წინასწარი შედეგები წამყვან ამერიკულ კომპანიებთან“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ჯეი დი ვენსის თქმით, აზერბაიჯანთან პარტნიორობა და მეგობრობა „დიდი ხანის განმავლობაში არასაკმარისად იყო დაფასებული, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“.

„ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე ახალი კატერის გამოგზავნას აზერბაიჯანში, რათა დაგეხმაროთ თქვენი ტერიტორიული წყლების დაცვაში.

სიამაყით ვაცხადებთ და, მგონი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც იფრინა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) გასწვრივ, რომელიც აზერბაიჯანის ორ ცალკეულ ნაწილს დააკავშირებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოიწვევს თანამშრომლობას ეკონომიკურ სფეროში, ბუნებრივი რესურსებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მიმართულებით, რაც ნამდვილად განამტკიცებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ამ შესანიშნავ სამშვიდობო შეთანხმებას“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, სჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა რეგიონში კიდევ უფრო მეტ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შექმნის.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც, ვფიქრობ, ამ პარტნიორობას ოფიციალურად დაადასტურებს და ნათლად აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ჩვენი ორივე ქვეყნის ხალხისთვის ძლიერი და ნაყოფიერი იქნება“, - თქვა მან.

აშშ-მა სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია 2025 წლის იანვარში გააფორმა. ვიცე-პრეზიდენტი ბაქოში ალიევთან შესახევდრად სწორედ სომხეთიდან ჩავიდა.

 

ამ თემაზე:

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.