ამაღლობელი მოსამართლეს: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, თავს გამარჯვებულად მივიჩნევ

დამოუკიდებელი ონალინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული, განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართა და თქვა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.

„თქვენი გადასაწყვეტია, რას დაარქმევთ მას - თავდასხმას, დამცირებული, შეურაცხყოფილი ადამიანის იმპულსურ რეაქციას, სილის გაწნას... ქალაბატონო მოსამართლე, ბრალდების შეფასებისას არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე ქალი ვარ - ბატონმა პროკურორმა აღნიშნა, მამაკაცმა რომ დაარტყას ხელი და ის უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, მაშინ როგორ მოვიქცეთო? ამიტომაც

არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ, შუახნის ასაკში და ნურც იმას გაითვალისიწნებთ, რომ სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომაროება არ მაქვს. ჩემი საქმის სამართლიანობის დასადგენად, თქვენივე პიროვნების, თქვენივე პროფესიის პატივისცემა და ჩვენი მტკიცებულებების შესწავლაც საკმარისია თქვენი მხრიდან მხოლოდ.

და მაინც, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ დღეს, ხვალ, ზეგ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ, ამ განწყობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადამცველებს. მაშინ როცა სახელმწიფო დამიპირისპირდა და მისი ყველა რგოლი ჩაერღო ჩემს გაშავებაში, ვისაც არ დაეზარა ყველა მხარემ ტალახი მესროლა, ჩემა ადვოკატებმა შეძლეს და დაუპირისპირდნენ, მათ შეძლეს ჩემს სიმართლეზე, ამ დარბაზშიც და მისმა მიღმაც ხმამაღლა, არგუმენტებით და მტკიცებულებებით ლაპარაკი. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებიდა და მათთან ერთად სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

დღევანდელ პროცესზე ამაღლობელმა საპროცესო შეთანხმებაზეც ისაუბრა. მზია ამაღლობელი გარიგების შეთავაზებასაც კი შეურაცხმყოფელად მიიჩნევს და ამბობს, რომ მას ხელს ვერ მოაწერს - „იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა“

„ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი“, - თქვა მზია ამაღლობელმა.

მან ის ღირსების შემლახავი, დამამცირებელი მოპყრობა გაიხსენა, რომელის მსხვერპლიც დაკავების შემდეგ გახდა.

„ქალბატონო მოსამართლე, ამის კადრები არ მაქვს, ამიტომ კადრად წარმოიდგინეთ ის, რასაც მოგიყვებით: მშვიდ გარემოში მოულოდნელად ჩნდება პოლიცია, მაქცევს შუაში და ძირს ვეცემი. ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ, ეს სილის გაწვნის შემდეგი ეტაპია - ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ, ხმაურით და გინებით ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე, მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ. ეს შემოვარდნები, გინებები სამჯერ მეორდება და ყოველი მომდევნო შემოვარდნა იმაზე უფრო შეურაცხმყოფელი და აუტანელია, ვიდრე პირველი. ერთ-ერთი ასეთი შემოვარდნის დროს, როცა ახლოს მოვიდა და თავი ავწიე, შემაფურთხა სახეში. შემდეგ თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ წყალი არ მოეწოდებინათ და არც საპირფარეშოში გავეყვანეთ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ საჯაროდ გავიმეორებდი, როგორ თქვა: „ჩაიფსას“. კადრად წარმოიდგინეთ, ეს პირი ე.წ. დაზარალებული ირაკლი დგებუაძეა“, - თქვა ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებებსაც, რომლებიც მის დისკრედიტაციას ეწევიან და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ.  

„ისინი მომიხსენიებენ, როგორც დამნაშავეს, საუბრობენ, რომ აგენტი ვარ და „გლობალური ომის პარტია“ მიმაგრებს ზურგს. თურმე, ტრენინგებზე მასწავლიდნენ სილის გაწვნას, თურმე დავალება მომცეს, პოლიციის დაკნინებასა და სისტემის ჩამოშლაზე ვმუშაობდი. ათასი სიგიჟე და ბოდვა. არ გეგონოთ ამას შემთხვევითი პირები ამბობდნენ, ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ გუნდს წარმოადგენენ. წინა სასამართლოზეც ვთქვი, რომ განსაკუთრებით კობახიძე აქტიურობს.

მივმართავ ირაკლი კობახიძეს: პოლიციელის ღირსების შელახვას „დიფ სთეითი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსება მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა. თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ“, - განაცხადა ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ელჩებს, რომლებიც მის სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ: „არ დაგიმალავთ, რომ მახარებს მათი აქ ყოფნა. მათი აქ ყოფნა არასდროს განმიხილავს ჩემს პირად მხარდაჭერად - მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვარ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე. მადლობა საქართველოს მეგობრებს“.

„მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს, კრიტიკულ, ხაზს გავუსვამ, მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის მუხტს წარმოადგენს, სადაც არ უნდა იყოთ გახსოვდეთ, რომ განუზომელი ენერგიის მატარებელია ის ხმა და ძალა, რომელიც თქვენგან მოდის. ზუსტად თქვენი სოლიდარობის შედეგია, შიმშილობის დროს ფიზიკურად რომ გადავრჩი. ამიტომაც

ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობის რწმენას. დრო ჯერ კიდევ არის, ბრძოლა გამარჯვებამდე!

ბოდიშიც მაქვს მოსახდელი, ჩემი ოჯახის, მეგობრების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდისთვის, ვწუხვარ, რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ არ გატყდეთ! ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ, მე თქვენი მჯერა, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა იყოს, თქვენი ყველა ნაბიჯი ღირსეული იქნება. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა დრევანდელ სხდომაზე, რომელიც საპროცესო აქციის ფონზე, დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მზია ამაღლობელის საბოლოო სიტყვით დასრულდა. მოლოდინი, რომ განაჩენი დღესვე გახდებოდა ცნობილი, არ გამართლდა. როგორც მოსამართლე სახელაშვილმა თქვა, მას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. ოთხშაბათს მზია ამაღლობელს რუსთავის ციხიდან ბათუმში კიდევ ერთხელ გადაიყვანენ.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.