საქართველოში დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის უფლებადამცველები ანრი ოხანაშვილს, რომელიც არალეგიტიმურ მთავრობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებს, მოუწოდებენ, არ დაუშვას აზერბაიჯანში მისი ექსტრადიცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ჟურნალისტის ექსტრადიცია დასაშვებად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც აფგან სადიგოვის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებები „აშკარად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს“.
აფგან სადიგოვი და მისი დამცველები პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით ასაბუთებდნენ, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტის ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავდა მიზნად, რაც არსებითად მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებებისა და კორუფციის კრიტიკას უკავშირდება.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ფიქსირდება აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მასობრივი დევნის, ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევის უმძიმესი პრაქტიკა, რის გამოც, აშკარაა, რომ აფგან სადიგოვი სხვა არაერთი ჟურნალისტის მსგავსად საბაზისო უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება“, - აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოებმა მხოლოდ ფორმალურად შეაფასეს საქმის გარემოებები და მიიჩნიეს, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს აფგან სადიგოვის მიმართ წამებისა, არასათანადო მოპყრობის რისკები, რადგან საქმეში წარმოდგენილია აზერბაიჯანის კომპეტენტური უწყებების მიერ გაცემული დიპლომატიური გარანტიები. ამასთან, სასამართლოების შეფასებით საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ იგი ჟურნალისტურ საქმიანობის გამო იდევნება.
„სამწუხაროდ, სასამართლოებმა სათანადო სამართლებრივი შეფასებები არ მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის Amnesty International-ის და ეუთოს შეფასებებს, სადაც ისინი ღიად და პირდაპირ უთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს, ვინაიდან აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში დადგება არასათანადო მოპყრობის რისკის წინაშე.
საერთო სასამართლოების მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და ის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეებზე ვერ ახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლების შეკავებასა და კონტროლს.
სასამართლოებმა ეს ვერ შეძლეს ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სამართლით აბსოლუტურად დაცული უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს უკავშირდება“, - აღნიშნავენ უფლებადამცველ ორგანიზციაში.
იურისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოებმა დასაშვებად ცნეს ექსტრადიცია, ეს პროცედურა პრაქტიკულად ვერ განხორციელდება მანამ, სანამ არ დასრულდება საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დავა, რომელიც ამ ეტაპზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრს აქვს უფლებამოსილება ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ანრი ოხანაშვილს მოუწოდებს, გაითვალისწინოს ჟურნალისტის მიმართ აბსოლუტური უფლებების დარღვევის სერიოზული რისკები, ჟურნალისტების ოჯახის უსაფრთხოების და მომავლის დაცვის მაღალ ინტერესი და არ დაუშვებს მისი ექსტრადიცია.
ორგანიზაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოსაც მიმართავს, აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვა მიანიჭოს და ამ გზით დაიცვას ჟურნალისტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან, ასევე თვითნებური დევნისკენ.
აფგან სადიგოვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით მიმდინარე წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს და ამ დრომდე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს საექსტრადიციო პატიმრობა. ორ თვეზე მეტია, ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.