თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებას ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, მოსამართლემ სათანადოდ არ შეაფასა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემის შემთხვევაში, ჟურნალისტი დაექვემდებარება დევნას მისი პროფესიული საქმიანობის გამო.
„ექსტრადიციის მიზანი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან სადიგოვი დასაჯოს მისი კრიტიკული ჟურნალიტური საქმიანობის გამო.
თუმცა, სამწუხაროდ, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, ანგარიშები, რომლითაც დასტურდება, რომ ადგან სადიგოვი წლების განმავლობაში სწორედ კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობის გამო განიცდიდა დევნას აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან. ეს დევნა გამოიხატებოდა მის თვითნებურ დაკავებაში, იქნებოდა ეს სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციული წესით“, - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.
მოსამართლე კალატოზიშვილის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში 7 დღის ვადაში უნდა გასაჩივრდეს. როგორც ქეთი ჩუთლაშვილი განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, იუსტიციის მინისტრს აქვს უფლება, არ მიიღოს სასამართლოს გადაწყვეტილება და არ გამოსცეს ბრძანება ექსტრადიციის თაობაზე.
„ივანიშვილმა იყიდა სასამართლო და უპირობოდ შეასრულა ალიევის დაკვეთა. აფგანი არ იქნება პირველი, ვისაც დიქტატორი ალიევი წამებით მოკლავს ციხეში. განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ივანიშვილის რეჟიმს ვაკისრებთ“, - თქვა სასამართლო პროცესის შემდეგ პატიმრის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსი, ონლაინ გამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს, რის შემდეგაც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანში მუქარისა და გამოძალვისთვის იძებნებოდა. მის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის მაისში აღიძრა. იმ დროისთვის აფგან სადიგოვი მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა.
„მას ედავებიან კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის მერის მოადგილის მიმართ გამოძალვას. საქმის მასალების მიხედვით, აფგან სადიგოვი მას აშანტაჟებდა ვიდეოთი, სადაც ჩანს, როგორ ჭრიდა მერის მოადგილე რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიან ტორტს და „ქურდული სამყაროს“ პოპულარიზაციას ეწევა. ეს ვიდეო დღესაც იძებნება, YouTube-ზე 2023 წლის 31 ივლისს არის ატვირთული, აფგან სადიგოვს კი ედავებიან, რომ მერს 2023 წლის აგვისტოში აშანტაჟებდა, რაც არალოგიკურია - ვიდეო თუ გასაჯაროებული იყო, შეუძლებელია მისით დაშანტაჟება. მეორე მხრივ, საერთოდ გაურკვეველია, რა საფუძვლით აშანტაჟებდა, რა მასალა ჰქონდა, საერთოდ ჰქონდა თუ არა ამ ადამიანებთან კომუნიკაცია“, - უთხრა ქეთი ჩუთლაშვილმა „საქართველოს ამბებს“.
დაკავების შემდეგ, აფგან სადიგოვმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვის თხოვნით მიმართა, თუმცა, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა იმ დასაბუთებით, თითქოს, აზერბაიჯანში მისი უფლებების დარღვევა არ დგინდება. მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება სასამართლომ ძალაში დატოვა.
აფგან სადიგოვი ორ თვეზე მეტია პროტესტის ნიშნად შიმშილობს და ციხის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 2025 წლის 3 თებერვალს იწურება.
საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს. Amnesty International-ის განცხადებით, ექსტრადიცია აფგან სადიგოვს დააყენებს მისი უფლებების სერიოზული დარღვევის რისკის წინაშე, რაც მოიცავს წამებას, თავისუფლების თვითნებურ აღკვეთასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. ჟურნალისტის დაკავების შემდეგ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მისი „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.