ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „დაუყოვნებლივ“ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც 3 აგვისტოს თბილისში, აზერბაიჯანში ექსტრადირების მიზნით დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ის ვაშინგტონის კორესპონდენტს, ალექს რაუფოღლუს განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
„ღრმად შეშფოთებულნი ვართ აფგან სადიგოვის თბილისში დაკავების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი.
მისი დაპატიმრება მოხდა აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე რეპრესიების კონტექსტში და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ყველა პირი, თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოებაზე - მათ შორის საზღვარგარეთ - თავდასხმებისგან და შეწყვიტოს პრესის თავისუფლების შელახვა“, - განაცხადა მილერმა.
გამოცემა Turan-ი წერს, რომ Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ყოფილი პოლიტპატიმარია, რომელიც 2016 წლის შემდეგ ბაქოში რამდენჯერმე დააკავეს და ერთ წელზე მეტი გაატარა ციხეში თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.
სადიგოვის პატიმრობას გამოეხმაურნენ Amnesty International-ი და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტიც. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტის ექსტრადირების მცდელობები - საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად - და უზრუნველყოს ის და მისი მეუღლე საერთაშორისო დაცვით, თუ ისინი ამას ითხოვენ. ამასთან, Amnesty International-ის შეფასებით, სადიგოვის საქმე აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ამოძირკვის ტენდენციის გაგრძელებაა.
დაკავებამდე ორი კვირით ადრე აფგან სადიგოვი ცოლთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და განუმარტეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა, თუმცა მის მიმართ მუქარისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების დაკავების ახალი ტალღის დაწყების გამო, სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სადიგოვები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ და სწორედ ამიტომ სურდათ ქვეყნის დატოვება.
ადვოკატის ინფორმაციით, აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მაისში აღძრეს ისე, რომ ამის შესახებ მან არაფერი იცოდა. მას გამოძალვასა და მუქარას ედავებიან. ოჯახი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკის გამო იდევნება და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებითაა დაკავებული.
