საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით დააკავა ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელმაც სამშობლო პოლიტიკური რეპრესიების გამო დატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
- 6 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
ჟურნალისტი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ შსს-სგან საქმის მასალების მიღების შემდეგ თქვა, რომ აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღმდეგ საქმე მაისში აღძრეს, ქართულმა მხარემ კი მისი ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა ივლისში მიიღო. ადვოკატი არ გამორიცხავს, გამოძალვის საქმე გაყალბებული იყოს. „მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ აფგან სადიგოვს ბინადრობის მოწმობა აქვს, თავისუფლად გადაადგილდებოდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
დამოუკიდებელი გამოცემა Azel.tv-ის რედაქტორის, აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ 3 აგვისტოს გაავრცელა. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით მოხდა.
„აზერბაიჯანის ხელისუფლება შეშფოთდა იმით, რომ აფგანი საქართველოდან მესამე ქვეყანაში წავიდოდა და ნაჩქარევად აღძრა სისხლის სამართლის საქმე. მას სჯიან უსამართლობაზე, თვითნებობაზე, უკანონობაზე არ გაჩუმებისთვის. აფგანი არც საქართველოში იყო ჩუმად და სოციალურ ქსელებში აგრძელებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკას“, - განაცხადა სადიგოვამ.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. დაახლოებით ორი კვირის წინ ის ცოლთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მაშინ სადიგოვი არ დაუკავებიათ - უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 2 აგვისტოს, სადიგოვი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტი წერდა, რომ ომბუდსმენმა სინანული გამოთქვა აეროპორტში მისი შეფერხების გამო და დაჰპირდა, რომ ამ საკითხს რაც შეიძლება სწრაფად შეისწავლიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან სადიგოვი 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავა. იმავე წლის ნოემბერში მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სადიგოვი ბრალდებას უარყოფდა და პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ის პოლიტპატიმარად აღიარეს. 2022 წლის მაისის ბოლოს სადიგოვი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა.
2017 წელს საქართველომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გადასცა. მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი აზერბაიჯანში, პოლიციის იზოლატორში აღმოჩნდა. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წლის მარტში მუხთარლი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაემგზავრა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით „სუს-ის ზონდერებმა“ გაიტაცეს.