IPI საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს არ გადასცეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, Azel.tv-ის მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. IPI საქართველოს მთავრობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ გადასცენ სადიგოვი აზერბაიჯანს და მას საქართველოდან წასვლის საშუალება მისცენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სადიგოვი 3 აგვისტოს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქუჩაში, ცოლ-შვილის თანდასწრებით დააკავეს, 4 აგვისტოს კი მოსამართლემ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში მუქარისა და გამოძალვის საქმეზეა ძებნილი. ექსტრადიციაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ის ციხეში დარჩება.

„სასამართლოში პროკურატურა ეყრდნობოდა იმას, რომ პირი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას. თუმცა, საქმეში არსად არ დევს, რომ მან რაიმე უწყება ან გამოძახება მიიღო და არ გამოცხადდა. აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აზერბაიჯანში ისე აღიძრა საქმე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ექსტრადირების შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ის წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება, ან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს.

სევინჩ სადიგოვა მიიჩნევს, რომ მისი მეუღლე აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკის გამო იდევნება და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებითაა დაკავებული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემა ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევა იქნება და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ექსტრადიციაზე უარის თქმაა.

„თუ ადამიანს საკუთარ ქვეყანაში დევნიან მისი შეხედულებებისა და საქმიანობის გამო, თუ მას ციხეში ელოდება არასათანადო მოპყრობა, წამება და საკუთარ ქვეყანაში ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, მისი გადაცემა, ვინც არ უნდა იყოს ის, დაუშვებელია. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს ვალდებულება აღებული, რომ არ დაუშვას ასეთ დროს ექსტადირება.

ამიტომ ამ საქმეში კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ერთგულია თუ არა საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების, თუ უარყოფს მათ“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. დაახლოებით ორი კვირის წინ ის ცოლთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მაშინ სადიგოვი არ დაუკავებიათ - უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან სადიგოვი ბოლოს 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავა. იმავე წლის ნოემბერში მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სადიგოვი ბრალდებას უარყოფდა და პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ის პოლიტპატიმარად აღიარეს. 2022 წლის მაისის ბოლოს სადიგოვი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.