თბილისში, საცხოვრებელ სახლთან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა, ჩანან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც აფგან სადიგოვი ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს. მათ დაკავებულის მეუღლისა და შვილებისთვის არ უთქვამთ, რატომ დააკავეს ჟურნალისტი. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ გაუკეთებიათ განმარტება, რის საფუძველზე დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი.
დაახლოებით ორი კვირის წინ აფგან სადიგოვი ცოლთან და ქალიშვილებთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. სადიგოვის თქმით, მას უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
„დიქტატორი ილჰამ ალიევი და საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ახორციელებს მის რეპრესიულ, პოლიტიკურ ბრძანებებს, პირდაპირ არიან პასუხისმგებელი ნებისმიერ ინციდენტზე, რომელიც მე დამემართება საქართველოში“, - დაწერა ჟურნალისტმა Facebook-ში.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა, თუმცა მის მიმართ მუქარისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების დაკავების ახალი ტალღის დაწყების გამო, სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სადიგოვები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ და სწორედ ამიტომ სურდათ ქვეყნის დატოვება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან სადიგოვი 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავა. იმავე წლის ნოემბერში მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სადიგოვი ბრალდებას უარყოფდა და პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ის პოლიტპატიმარად აღიარეს. სადიგოვი ერთ-ერთი იყო იმ მსჯავრდებულებს შორის, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა.
თბილისის აეროპორტში მომხდარის შემდეგ, ჟურნალისტი აცხადებდა, რომ ამჟამად აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული, მაგრამ როგორც კი იქ დაბრუნდება, სხვა კრიტიკოსი ჟურნალისტების მსგავსად დააპატიმრებენ.