რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სასიხარულო და დამაიმედებელი უწოდა ბოდიშის მოხდის შესახებ საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. მისი თქმით, „რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, სასიცოცხლოდ დაინტერესებულია ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პოსტკონფლიქტური დარეგულირების პრობლემატიკა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეგიდით განიხილება.
ჩვენი საერთო პრიორიტეტები ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან უცვლელი რჩება. ეს არის თბილისისგან ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება, ასევე ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება.
ამ მიმართულებებით პროგრესზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის მიმართ მხარეების მიდგომებში არსებული ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით.
ამ მხრივ გარკვეულ იმედს იძლევა ბოლო დროს საქართველოდან გაკეთებული განცხადებები 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო სამხრეთ ოსეთის ხალხსთვის ბოდიშის მოხდის განზრახვის შესახებ. სასიხარულოა, რომ ჩვენ გვესმის დიდი ხნის დადასტურებული ფაქტის საჯარო აღიარება, რომ შეშლილმა, რომელიც გახდა ამერიკის ტყუილების კიდევ ერთი მსხვერპლი, ჩაიდინა ის, რაც მოგვიანებით ისტორიაში შევიდა, როგორც აგრესია. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კვალიფიკაცია. ეს ყველაფერი ჩაიწერა ევროკავშირის მიერ ინიცირებულ დასკვნაში, რომელიც უფრო ცნობილია როგორც „ტალიავინის დასკვნა“. ყველა განცხადება და ფაქტი იქ არის.
ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი განწყობა ასახვას ჰპოვებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მოახლოებულ რაუნდებზე ქართული დელეგაციის მუშაობაში“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, სოხუმი და ცხინვალიც მზად არიან „გადაფურცლონ ტრაგიკული ფურცელი საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიაში“, თუმცა, იმის გაგებით, რომ „არც საქართველოში, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არავის არაფერი დაავიწყდება“.
„მაგრამ ერთია არდავიწყება და მეხსიერების შენარჩუნება, მეორეა წინსვლა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და იმ წინააღმდეგობების დასაძლევად, რომელთა მძევლად ისინი ისეთმა შეშლილებმა აქციეს, როგორიც სააკაშვილია. რუსეთი, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, სასიცოცხლოდ დაინტერესებულია ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. მოსკოვი მზად არის - როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში - ხელი შეუწყოს ამას ყველა შესაძლო გზით“, - თქვა მარია ზახაროვამ.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში, ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს გამოიძიებს და „ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულისთვის“ დასჯის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, „ოცნებაც“ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება“ შეასრულა.