რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც ე.წ. პროკურატურა „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას“ ედავებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლე ბესლან ბერულავას თავმჯდომარეობით, განაჩენი დღეს გამოაცხადა. სასჯელის ვადის ათვლა ქალის დაკავების დღიდან, 2022 წლის 20 ივლისიდან დაიწყო.
ქრისტინე თაკალანძე ზუგდიდშია დაბადებული, თუმცა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მამასთან ერთად ცხოვრობდა. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა 2022 წლის 25 ივლისს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თაკალანძე „საგარეო დაზვერვის დავალებით, საქართველოს სპეცსამსახურების ინტერესებით ნაკარნახევი მოტივით“ მოქმედებდა და ახორციელებდა „დანაშაულებრივ განზრახვას“, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო, სამხედრო ან სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და ქართული სპეცსამსახურებისთვის გადაცემას. ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, შესაძლებელი იყო ეს ინფორმაცია აფხაზეთის საგარეო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და სუვერენიტეტის საზიანოდ ყოფილიყო გამოყენებული.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, როგორც ჩხრეკდნენ დაკავებული ქალის პირად ნივთებს. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან, საბანკო და აფთიაქის ბარათებთან ერთად, კადრებში გამოჩნდა პატარა ქაღალდიც, რომელზეც ქართულად ეწერა - „სადმე თუ წახვედი, გალში, ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე, 2 ფირფიტა კაპიკები ღირს, გთხოვ“.
ქრისტინე თაკალანძე ჯაშუშობის ბრალდებას არ აღიარებდა.
საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო, ხანგრძლივ პატიმრობაში იმყოფება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - ირაკლი ბებუა, რომელიც გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს. ის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, მათ შორის, სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფისთვის, გაასამართლეს და 2020 წლის დეკემბერში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. არსებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამწვავებული ქრონიკული დაავადებებისა და სათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, გაუარესებულია.
2022 წლის ნოემბერში, სოხუმში, ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები 29 წლის ასმათ თავაძე. მას ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვას ედავებიან.